საპარტნიორო ფონდი

მთის ღორის გადარჩენის პროექტის პირველ შედეგებს საპარტნიორო ფონდი 17 მაისს წარადგენს

flickr.com

ხვალ, 17 მაისს, სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი - "საპარტნიორო ფონდი" ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის პირველ შედეგებს წარადგენს. ფონდი პროექტს ქართულ-ესპანური კომპანია Native Georgian-ით ახორციელებს, მასში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიაც არის ჩართული.

ერთი წლის წინ, 2017 წლის 26 მაისს სოფელ ლარში საპარტნიორო ფონდმა ესპანელ პარტნიორებთან ერთად ევროსტანდარტების შესაბამის მეღორეობის ფერმას ჩაუყარა საფუძველი. პროექტის შედეგად საქართველოში დაიწყება მსოფლიოში ცნობილი ბრენდის - ხამონის წარმოება. ხამონი სპეციალური შავი ფერის ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელსაც მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში აწარმოებენ. პროდუქტი მაღალი საფასო კატეგორიის, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლორია.

პროექტს საპარტნიორო ფონდი და ესპანური ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია Deraza Iberico ერთად ახორციელებენ, ესპანურმა მხარემ, საქართველოში ამ პროექტისთვის სპეციალური კომპანია NATIVE GEORGIAN-ი დააფუძნა.

  1. ეტაპი ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობა, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს. ამ დროისთვის მოძიებულია 56 ცალი უნიკალური ჯიშის ქართული  მთის ღორი. პროექტის პირველი ეტაპი სტერილურ პირობებში 300-მდე დედა ღორის მოშენებას ითვალისწინებს და აღნიშნული ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1.000.000 აშშ დოლარს შეადგენს. 
  2. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება. ანალოგიური ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში. პროექტის მეორე ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 3,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 
  3. ქართული მთის ღორის ჯიშის გადარჩენის პროექტის მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს და მთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, მათი შემოსავლების ზრდას და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ეტაპი ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად  23 კგ -ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე  წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს. 
  4. პროექტის მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. პროექტის ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1,2 მლნ აშშ დოლარია.
  5. მეხუთე ეტაპი კი ქართული „ხამონის“ დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე  ექსპორტს გულისხმობს. ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა  საბრუნავი კაპიტალის  ჩათვლით 7 მილიონს შეადგენს. 

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსხვილი აქტივების მომგებიანი მართვისთვის შეიქმნა. ფონდის საკუთრებაშია ქვეყნის უმსხვილესი აქტივები, რომელთა შორისაცაა: საქართველოს გაზის და ნავთობის კორპორაცია, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა და თელასი (24%-იანი წილი). 

კომენტარები