საყოველთაო ჯანდაცვა

მთავრობამ სოც. დაუცველთა წამლებით მომარაგებისთვის სახელმწიფო კომპანია შექმნა

NHS

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა ახალი სახელმწიფო კომპანიის - "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" დაფუძნების პროექტი. ახალი უწყება იურიდიულად ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და ის სოციალურად დაუცველი, პენსიონერებისა და შშმ პირთა ჯგუფის წევრი ქრონიკულად დაავადებული პირებისთვის მედიკამენტებს შეიძენს. პროგრამის ბენეფიციარები ამ წამლებს სიმბოლურ ფასად მიიღებენ.

ახალი კომპანიის დაფუძნებით, მედიკამენტების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შედის. 

დავით სერგეენკოს განცხადებით, "პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის" მედიკამენტებს შეისყიდის უშუალოდ მწარმოებლებისგან, რის გამოც სახელმწიფოს უფრო იაფად შეეძლება წამლების შეძენა.

"დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ დაფუძნდეს ახალი ორგანიზაცია. მისი უმთავრესი ამოცანა იქნება გაზარდოს მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ნაწილისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. თავისი სტრუქტურით ეს ინსტიტუცია არის ჩვენს რეალობაში შედარებით ახალი, მაგრამ ძალიან გავრცელებული კერძო სახელმწიფო პარტნიორობის მოდელზე აგებული სტრუქტურა. მისი მონაწილეები იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სამინისტრო, კერძო პარტნიორობის მხრიდან კი ადგილობრივი და უკლებლივ ყველა საერთაშორისო ფარმა მწარმოებელი. ეს ინსტიტუცია საშუალებას იძლევა, რომ სამი მთავარი რესურსი წარმოვიდგინოთ, თუ სად შეიძლება მოხდეს ფასის დაკლება - ეს არის მწარმოებლის ფასი, მარკეტინგის ფასი, ღირებულება, დანახარჯები და მოგება. ასეთი მოდელი ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მწარმოებელმა ფასდაკლებები გააკეთოს, დისტრიბუცია-მარკეტინგში უკვე სახელმწიფომ მიიღოს ჯანსაღი მონაწილეობა და შეამციროს ხარჯები. ეს არ იქნება მომგებიანი ორგანიზაცია, იქნება არამომგებიანი და შესაბამისად, მოგების კომპონენტი ნულს გაუტოლდება. 

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯების მობილიზაცია არ დასჭირდება, რადგან ფასდაკლების რესურსები არის ის, რომ მწარმოებელი დაბალ ფასად შემოგვთავაზებს, მცირდება დისტრიბუცია-მარკეტინგის ხარჯები და მოგება ნულდება. ასე რომ, წელს სახელწმიფოსგან დამატებითი ხარჯები საჭირო არ იქნება. 

მიმდინარე პროექტი, რომელიც 2017 წლის მაისში დაიწყო, ემსახურება 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს და მათ უზრუნველყოფს 23 მედიკამენტით ერთი ლარის ღირებულებით. პროგრამის გაფართოება მოხდება და მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონერები და შშმ პირები. ამ ეტაპზე არ მოხდება ერთ ლარად მედიკამენტის შეძენა, თუმცა ამოცანა არის, რომ მაქსიმუმ ნახევარი ფასი დახარჯონ იმ თანხისა, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს, რომ მაისის ბოლოდან პენსიონერებსა და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

2017 წელს მედიკამენტების პროგრამით სულ 13,000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. 

2017 წლის 1 მაისს, ანუ ერთი წლის წინ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით სარგებლობა 150-200 ათას ადამიანს შეეძლებოდა. 

კომენტარები