ნარკოტიკების გასაღება

შსს: ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოვიღეთ

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა სახის ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ასევე რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გაავრცელეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ  დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციელებმა, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3  მოქალაქე  დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი  ჰეროინი. იმერეთში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.  ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად,  ნივთმტკიცებად ამოღებულია  ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 780 აბი,  6  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“, 51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული. ყველა შემთხვევაში დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამოიღეს: 2 კილო და 600 გრამი ჰეროინი, 723 გრამი კოკაინი, ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი,  1 კილო და 355 გრამი „მდმეი“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება,   130 გრამი მორფინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

კომენტარები