ოჯახური ძალადობა

ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცოლის სასტიკად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

​ამით სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები გაიზიარა და თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1-ლ დეკემბრის განაჩენი გააუქმა, რომლის მიხედვითაც ფ.ი-ს 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 

პროკურატურის ცნობით, მათი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 12 აპრილს, თელავში ფ.ი-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლეს ხ.ა-ს, დედის და ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მუცლისა და გულმკერდის არეში დანა რამდენჯერმე დაარტყა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ხ.ა-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ფ.ი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111-19, 109-მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. 

თელავის რაიონულმა სასამართლომ ფ.ი-ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,108-ე მუხლზე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გადააკვალიფიცირა და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით სწორედ თელავის სასამართლოს განაჩენი გააუქმა.

კომენტარები