ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
"სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები - არ გაუწიეს სათანადო კონტროლი და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განაპირობა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.