პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

POG: პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის 3 პირი პასუხისგებაში მივეცით

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის სოციალური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გავრცელების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ბ.-მ თანაცხოვრების პერიოდში, მის მეუღლეს მ.მ.-ს ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ მობილური ტელეფონის საშუალებით უკანონოდ გადაუღო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. მათ შორის წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის პერიოდში, რ.ბ.-მ მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით გადაწყვიტა ხსენებული ჩანაწერის სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით გავრცელება, რაც გაანდო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ი.ა.-ს, რომელმაც თავის მხრივ მის გავრცელებაში დახმარება აღუთქვა.

2017 წლის 05 დეკემბერს, რ.ბ.-მ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რაც ი.ა.-მ გავრცელების მიზნით 2017 წლის 6 დეკემბერს გააზიარა და ხსენებული ჩანაწერის აღწერილობისას მიუთითა მ.მ.-ს ღირსების შეურაცხმყოფელი ტექსტი. აღნიშნული ქმედებების შედეგად ჩანაწერი ასევე ხელმისაწვდომი გახდა ნ.ბ.-სთვის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა მ.მ.-ს და რ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში მათი მცირეწლოვანი შვილის ძიძად. ნ.ბ.-მ, რომელიც ასევე კონფლიქტურ სიტუაციაში იმყოფებოდა მ.მ-სთან, 2017 წლის 1 თებერვალს, გავრცელების მიზნით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათავსა ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერი.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის სოციალურ ქსელში უკანონო გავრცელებამ გამოიწვია მ.მ.-ს პირადი ღირსების შეურაცხყოფა და მიადგა მორალური ზიანი", - აცხადებენ უწყებაში.

პრპკურატურის ინფორმაციითვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, ბრალდებულთა საცხოვრებელ ბინებში და ოფისში ვიდეომასალის აღმოჩენის მიზნით ჩხრეკა ჩატარდა, რის შედეგადაც კომპიუტერული მონაცემების შემცველი საგნები ამოიღეს.

"მათზე დანიშნული კომპიუტერული ექსპერტიზის შედეგად როგორც ი.ა.-ს, ისე ნ.ბ.-ს პერსონალურ კომპიუტერებში აღმოჩნდა ზემოხსენებული ვიდეომასალა. ი.ა.-ს და რ.ბ-ს შორის განხორციელებული მიმოწერით დასტურდება მათი მხრიდან ვიდეოჩანაწერის გასავრცელებლად წინასწარი შეთანხმებისა და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვის ფაქტი", - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სამი პირი პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით მისცეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 4-დან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები