საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის გამო, ორი პირი თანამდებობიდან გადადგა

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გუდაურში 16 მარტს საბაგიროზე მომხდარი ინციდენტი ძაბვის ვარდნის შემდეგ ოპერატორის არასწორდა ქმედებამ გამოიწვია. მისივე თქმით ოპერატორი საქმიანობას ჩამოშორებულია.

მინისტრის ინფორმაციით, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს თანამდებობები მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ქადაგიძემ.

"საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ, ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. გარდა ამისა, მე მომმართა ორმა ადამიანმა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები - ეს არის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძე და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსo კოტე ქადაგიძე. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და მომმართეს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. დასკვნა: უსაფრთხოების წესები იყო სრულად დაცული, თუმცა მოხდა ადამიანის შეცდომა. დასკვნის თანახმად, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართულია, მას პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ არსებობს. ამასთან, 2017 წლის 22 დეკემბერს ინსპექტირება კვალიფიციურად ჩატარდა." - ამბობს ქუმსიშვილი.

16 მარტს გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და უეცრად უკუსვლით მოძრაობა დაიწყო, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ტურისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ეკონოსმიკის სამინისტრომ ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები ჩამოიყვანა. 

კომენტარები