თეთრი სახლი

თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ჰოუფ ჰიქსი
BBC

თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ჰოუფ ჰიქსი თანამდებობას ტოვებს. 29 წლის ყოფილი მოდელი კამპანიის პირველივე დღეებიდან ტრამპის გუნდის წევრი იყო.

გადადგომის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც წინა დღით მან წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს ჩვენება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში მისცა.

გავრცელებული ცნობით ჰიქსმა აღიარა, რომ ტრამპს ხანდახან "თეთრ ტყუილებს" ეუბნებოდა, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებზე პრეზიდენტის მოტყუება უარყო.

თეთრი სახლის განცხადებით ამ ფაქტს გადადგომასთან კავშირი არ აქვს.

თეთრი სახლის სპიკერის, სარა სანდერსის თქმით უცნობია ზუსტად როდის დატოვებს ადმინისტრაციას ჰიქსი. გავრცელებული ცნობით მან კოლეგებს განუცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან მიაჩნია, რომ ყველაფერს მიაღწია, რაც კი ამ პოსტზე შეეძლო.

ჰიქსი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნული მეოთხე ადამიანია. მან პოსტი გასულ აგვისტოს დაიკავა.

 

კომენტარები