იერუსალიმის აღდგომის ეკლესია

პროტესტის ნიშნად 3 დღის მანძილზე დაკეტილი იერუსალიმის აღდგომის ეკლესიის კარი გააღეს

მომლოცველები აღდგომის ეკლესიის დახურულ კართან
The Jerusalem Post

3 დღის წინ ქრისტიანი ლიდერების მიერ პროტესტის ნიშნად დაკეტილი აღდგომის ეკლესიის კარი დღეს გაიღო. ამ გზით ეკლესიის წინამძღვრებმა იერუსალიმის ადგილობრივი მთავრობის ახალი საგადასახადო ინიციატივა გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ეკლესიის მფლობელობაში არსებული ქონება უნდა დაბეგრილიყო.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ სამშაბათს თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დავის გადაჭრისა და მერისთვის საგადასახადო ცვლილებების გადავადების მოთხოვნის მიმართულებით. 

ამის საპასუხოდ ქრისტიანმა ლიდერებმა ღმერთის სამადლობელი განცხადება გაავრცელეს, სადაც ასევე მადლობას უხდიან "ყველას, ვინც დაუზარლად დაეხმარა ქრისტიანობის შენარჩუნებას იერუსალიმში".

ეკლესიის კარიბჭის მცველებმა ტაძრის დიდი კარი ადგილობრივი დროით, დღეს დილით, დაახლოებით, 4 საათისთვის გააღეს. გაღებიდან მალევე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომლოცველები ტაძარში მივიდნენ. 

3 დღის მანძილზე დაკეტილი ეკლესია ქრისტიანებისთვის ყველაზე წმინდა ადგილად მიიჩნევა. ქრისტიანთა დიდი ნაწილის რწმენით, ქრისტე სწორედ ამ ადგილას ეცვა ჯვარს, დაიმარხა და აღდგა. ამ რწმენას ბერძენი, სომეხი, სირიელი და ეთიოპელი მართლმადიდებლები, კათოლიკეები და ეგვიპტელი კოპტები იზიარებენ. 

კომენტარები