თბილისის მერია

"მიკერძოებული გადაწყვეტილებების" გამო, კალაძემ მერიის 2 თანამშრომელი გაათავისუფლა

თბილისის მერია

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიის ორმა თანამშრომელმა ინტერესთა შეუთავსებლობის წესი დაარღვია. თბილისის მერის თქმით, დარღვევები შიდა აუდიტის სამსახურმა დაადგინა.

"ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს.

მსგავსი ფაქტები ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადებები და მინდა, რომ დაამთავროთ მოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ვიცე-მერს ვავალებ, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან.

ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ ქალაქს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ამ ქალაქის და თბილისში მცხოვრები ადამიანების მსახური იქნება. მესმის, რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება გაუჭირდეს, ჰქონეს პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვთ, ჩვენ დავეხმარებით და მაქსიმალურად, რაც შეგვეძლება, ხელს შევუწყობთ. და არა ეს ქმედებები, რაც გამოიკვეთა ამ ადამიანებთან მიმართებაში კატეგორიულად მიუღებელია ეს და დამოკიდბულება“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები