თბილისის მერია

მშენებლობისთვის პროექტის ეკოლოგიის სამსახურთან შეთანხმება სავალდებულო ხდება 

თბილისის მერია

მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო იქნება. ასევე, სავალდებულო ხდება მშენებლობის ნებართვის მიღებით დაინტერესებულმა პირმა უზრუნველყოს დენდროლოგიური პროექტის მომზადება და მერიასთან შეთანხმება, ხოლო აღნიშნული პროექტის საფუძველზე მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. 

ინიციატივის შესახებ განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე დღეს გააკეთა. 

„მშენებელი ვალდებული იქნება, სამშენებლო სამუშაოების საინფორმაციო დაფასთან ერთად, დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფაც გამოაქვეყნოს. ეს ეხება არამარტო კერძო სექტორს, არამედ მერიასაც და ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფრის  გათვალისწინება, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ. ამ კონკრეტული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან შევქმნათ სკვერები, რომლებიც გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება“, - თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც.

„თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი ფართის აშენება, რათა შემდეგ, იქ მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვები გაცემული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღესვე დამტკიცდა იმ ხე-მცენარეთა ნუსხა, რომელიც გამოყენებული იქნება თბილისის სამომავლო გამწვანებისთვის.

კომენტარები