35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრა

35-ე სკოლის წარმომადგენლები: მოსწავლეებს ქუჩაში უცნობი პირები დახვდნენ და დაჭრეს

რუსთავი 2

თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მასწავლებლების ინფორმაციით, სკოლის ტერიტორიაზე დაპირისპირება არ ყოფილა და მოსწავლეებს უცნობი პირები ყაზბეგის გამზირზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე დახვდნენ.

"ორი უცნობი ბიჭი, რომელიც აგვიხირდა რაღაც თემაზეო. კამათი მოჰყვა ამ ახირებას, ბავშვები შეკამათდნენ ერთმანეთში და მერე ისე დაგვჭრეს ამ ბიჭებმა, ვერ მივხვდითო. ორი ბიჭი იყო მათი თქმით. როდესაც სისხლი დავინახეთ, მერე მივხვდით, რომ დაჭრილები ვართ და ვიღაცამ გადმოგვიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიო", - ამბობს დირექტორის მოადგილე, მონიკა იაშვილი რუსთავი 2-თან.

ერთ-ერთი დაჭრილის მამის ინფორმაციით, ჭრილობები დაანით არის მიყენებული.

"შემთხვევით, ქუჩაში ვიღაცებთან იჩხუბეს ბავშვებმა. ჭრილობა დანით არის მიყენებული. თითო ჭრილობა აქვს ორივეს, გულ-მკერდის არეში", - ამბობს დაჭრილის მამა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 35-ე სკოლის მოსწავლეების დააჭრის დროს იქ კიდევ ერთი მოზარდი იმყოფებოდა და სწორედ მან მიიყვანა დაჭრილები საავადმყოფოში. მისი ადვოკატი ტელეკომანიასთან ამბობს, რომ ის დაპირისპირებაში მონაწილე პირებს აშველებდა და მსუბუქი დაზიანებები აქვს.

მოზარდი პოლიციამ უკვე დაკითხა და ადვოკატის ინფორმაციით, ის პოლიციაში დღესაც არის დაბარებული.

35-ე სკოლის მოსწავლეები გუშინ საღამოს დაჭრეს. ისინი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ტაბულას კითხვას, არის თუ არა ბრალდებული დაკავებული, შსს-ში პასუხობენ, რომ "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

კომენტარები