თბილისის ბაგა-ბაღები

კალაძე: 3 ბაღის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მყისიერად მივიღეთ

ტაბულა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, N125, N19 და N84 საბავშვო ბაგა-ბაღების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გადაწყვეტილება მათი მუშაობის შეჩერების შესახებ მყისიერად იქნა მიღებული. თბილისის მერი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სწრაფად დაიწყება და ბავშვები ბაღებში მალე დაბრუნდებიან.

"ჩვენ დავიწყეთ თუ არა მუშაობა, მოგვეცა თუ არა უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, დავიწყეთ შესწავლა. როდესაც დავუკვეთეთ კვლევა ყველა ბაღებს, გარკვეული დრო დასჭირდა შესწავლას, როდესაც მივიღეთ უკვე სრული დასკვნა, მაშინვე მყისიერი გადაწყვეტილება იქნა ჩვენი მხრიდან მიღებული. ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომ აღდგენილი იყოს და პატარა ბავშვები დაუბრუნდნენ თავიანთ ბაღებს", - თქვა კალაძემ. 

დღეიდან აღნიშნული 3 ბაღის აღსაზრდელი 900 ბავშვი 11 სხვა ბაგა-ბაღში გადანაწილდება. ბაღების მართვის სააგენტო აცხადებს, რომ ყველა ჯგუფი შენარჩუნდება, ავარიული შენობების რეაბილიტაცია კი რამდენიმე თვეში დაიწყება. 

თბილისის N19, N84 და N125 საბავშვო ბაგა-ბაღების ფუნქციონირება 25 იანვრის დილიდან შეწყდა. ბაგა-ბაღების სააგენტომ მიზეზად შენობების არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობა დაასახელა. სააგენტოს ინფორმაციით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, ამ ვითარებაში შენობების ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის.

 

კომენტარები