ჰოლივუდი

ვარსკვლავები სამი ხელით და სამი ფეხით - შეცდომები Vanity fair-ის ფოტოსესიაში

Vanity Fair-ის ყოველწლიურ ჰოლივუდის გამოცემის გარშემო ინტერნტში მითქმა-მოთქმა არ წყდება. საქმე ისაა, რომ ჟურნალის ფოტოზე ასახულ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ზედმეტი კიდურები აქვთ.

ათწლეულებია, Vanity Fair ტრადიციული ყოველწლიური გამოცემისთვის წლის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს კრებს. ჰოლივუდის წლევანდელი, 24-ე გამოცემის ფოტოები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ისინი ცნობილმა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო. ფოტოებზე რიზ უიზერსპუნი, ოპრა უინფრი, ნიკოლ კიდმანი, ტომ ჰენკსი, ჯესიკა ჩესტეინი და სხვა ვარსკვლავები არიან აღბეჭდილნი.

ფოტოების გამოქვეყნებიდან მალევე დაკვირვებული თვალის მქონე ადამიანებმა შენიშნეს, რომ უიზერსპუნს არც მეტი, არც ნაკლები, სამი ფეხი აქვს:

ეს ყველაფერი არ არის. სცენის მიღმა ფოტოში, სადაც ოპრა უინფრი უიზერსპუნთან და ტომ ჰენკსთან ერთადაა, მას სამი ხელი აქვს:

ინტერნეტმა ფოტოების დამუშავებისას დაშვებული შეცდომები სწრაფად აიტაცა, თავად ვარკვლავები კი მომხდარს იუმორით შეხვდნენ.

“როგორც ვხვდები, ახლა ყველამ იცის... მე სამი ფეხი მაქვს. ვიმედოვნებ, მიმიღებთ ისეთს, როგორიც ვარ”, - დაწერა უიზერსპუნმა Twitter-ზე.

მას მალევე უპასუხა ოპრამ: „მე ვიღებ შენს მესამე ფეხს. ვიცი, რომ შენც მიიღებ ჩემს მესამე ხელს“.

Vanity Fair-მა თქვა, რომ ოპრა უინფრის შემთხვევაში, მართლაც შეცდომა მოხდა და მას ონ-ლაინ ასწორებენ. რაც შეეხება რიზ უიზერსპუნის მესამე ფეხს, Vanity Fair-ის მტკიცებით, მისი არსებობის ილუზიას კაბის ნაკეცი ქმნის.

კომენტარები