K POP

ჯონგჰიუნის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით მისმა ფანებმაც დაასრულეს

AFP

მას შემდეგ, რაც კორეელმა პოპმომღერალმა, კიმ ჯონგჰიუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სუიციდს მისი ფანებიც ჩადიან. კორეის პოლიციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ამის შესახებ კორეული მედია საუბრობს. ასევე, გულშემატკივრები ტვიტერით ავრცელებენ მოწოდებებს, არ მიმართონ თვითმკვლელობას. არაოფიციალური ინფორმაციით, ასეთი ადამიანების რიცხვი რამდენიმე ათეულია. 

ერთ-ერთი ფანი, რომელმაც სუიციდს მიმართა, ინდონეზიელი გოგო იყო. სიკვდილამდე მან ტვიტერზე დაწერა, რომ ჯონგჰიუნის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის გაძლება აღარ შეუძლია. "დედა, მამა, ჯონგჰიუნ, ჩვენ მალე შევხვდებით". მანამდე კი წერდა: "უნდა ავიღო თუ არა ხელი სიცოცხლეზე მას შემდეგ, რაც მშობლებიც დავკარგე და კერპიც? ეს მანადგურებს". 

კორეული პოპ ჯგუფის, SHINee-ის წევრმა, კიმ ჯონგჰიუნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით 18 დეკემბერს დაასრულა. ის დეპრესიით იტანჯებოდა. წერილში, რომელიც მან სიკვდილამდე დაწერა, ამის შესახებ საუბრობს.

თვითმკვლელობამდე ჯონგჰიუნმა თავის დასაც მისწერა: 

"ძალიან რთული იყო ჩემთვის. გთხოვ გამიშვი და თქვი, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე. ეს ჩემი ბოლო გამოსამშვიდობებელი სიტყვებია". 

კიმ ჯონგჰიუნი სეულში დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობა კორეული პოპის სხვა შემსრულებლებმა და ფანებმა მიიღეს. 

ჯონგჰიუნის სიკვდილამდე მიღებული გადაწყვეტილებით, მისი ორგანოების დონაცია მოხდება.


ფოტო: (AFP Photo/JUNG Yeon-Je

27 წლის კიმ ჯონგჰიუნი ჯგუფ შაინის წევრი იყო. ის პოპულარული 2008 წელს გახდა, როცა ჯგუფთან ერთად დებიუტი ჰქონდა. ჯონჰიუნი ჯგუფის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მონაწილეობდა ე.წ ფროდაქშენში და თავადაც წერდა სიმღერებს. ჯონგჰიუნმა 2015 წლიდან სოლო კარიერაც დაიწყო. 

კომენტარები