ტექდათვალიერება

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ავტომობილებს ტექდათვალიერების გავლისთვის

Bayram Isgandarov / newscafe.ge

2018 წლის 1 იანვრიდან 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების ვალდებულება ამოქმედდება. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ყოველწლიური ტესტირების გავლა ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო იქნება. მთავრობამ გამოაქვეყნა დეტალური ტექნიკური რეგლამენტი, რომლის დაკმაყოფილებაც ავტომობილებს მოუწევთ. რეგლამენტი ეხება ავტომობილის გამართულობის ყველა კრიტერიუმს დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

რა მოთხოვნების გავლა მოუწევთ ავტომობილებს:

გამონაბოლქვი:

  • ბენზინის ძრავების შემთხვევაში, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გაზომვა გამონაბოლქვის მილიდან, ძრავის უქმის სვლის რეჟიმში, ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვთან მიმართებაში მდგომარეობის შეფასების ადეკვატურ ინდიკატორად. 
  • დიზელის ძრავების შემთხვევაში გამონაბოლქვი აირების კვამლიანობის გაზომვა ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვთან მიმართებაში მდგომარეობის შეფასების ადეკვატურ ინდიკატორად. 
  • ნახშირჟანგის (CO) შემცველობის კონტროლი გამონაბოლქვ აირებში, ძრავას უქმი სვლის (დაუტვირთავი) რეჟიმის დროს CO-ს მაქსიმალური დასაშვები შემცველობა გამონაბოლქვ აირებში არ უნდა აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ დონეს ან, თუ აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი.  
  • იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1986 წლის 1 ოქტომბრამდე - 4,5%-ს
  • იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელიც რეგისტრირებულია ან გაშვებულია ექსპლუატაციაში 1986 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ - 3,5%-ს.

ხმაური

  • ავტოსატრანსპორტო საშუალების ხმაური დონე უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია სატრანსპორტო საშუალების ტიპის ოფიციალური დამტკიცებისას, ან რეგისტრაციის ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით.

მუხრუჭები:

  • სამუხრუჭე სისტემების გამართულობა შემოწმდება სპეციალურ გორგოლაჭებიან ტესტერზე. სამუხრუჭე სითხის დონე რეზერვუარში და სითხის ტიპი უნდა შეესაბამებოდეს ავტომობილის დამამზადებლის მიერ რეკომენდირებულ სითხეს.
  • მუხრუჭის ჰაერის წნეხვის კომპრესორი არ უნდა იყოს დაზიანებული, კოროზირებული არ უნდა ჟონავდეს.
  • დაუშვებელია სამუხრუჭე ამძრავს ეტყობოდეს ზედმეტი ცვეთა და ზედმეტი ფოლხვა, აგრეთვე სატერფულის ზედმეტი ან არასაკმარისი სვლა და მოცურების საწინააღმდეგო საფენის არარსებობა ან ზედმეტი ცვეთა.
  • ღრეჩოს ავტომატური მარეგულირებელი არ უნდა იყოს გაჭედილი, დაუშვებელია ზედმეტი ცვეთა და ცუდი მორგება.
  • დაუშვებელია სამურხუჭე სარქველების დაზიანება, ჰაერის ზედმეტი გადინება, კომპრესორიდან ზედმეტი ზეთის გადინება, არასაიმედო მონტაჟი, ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება.
  • ტესტერზე შემოწმებისას დაუშვებელია ერთ ღერძზე მდებარე მუხრუჭების დამუხრუჭების სიმძლავრეებს შორის სხვაობა აღემატებოდეს 30%-ს.

საჭე: 

  • ავტომობილის საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდოვრე.
  • საჭის სვეტის მდგომარეობის დამაფიქსირებელი მოწყობილობა უნდა იყოს გამართული, ხრახნული შეერთებები უნდა იყოს მოჭერილი და დაფიქსირებული.
  • ჯამური ფოლხვის გაზომვის მაქსიმალური ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს ერთ გრადუსს.
  • დაუშვებელია საჭით მართვის სისტემის გამაძლიერებლის (მისი არსებობის შემთხვევაში) მისი გაუმართაობა.
  • დაუშვებელია საბრუნი პოჭოჭიკის ბერკეტის შეერთებაში და საჭის წევების სახსრებში ფოლხვა.
  • დაუშვებელია საჭის მექანიზმსა და საჭის ამძრავში ნარჩენი დეფორმაციის, ნაპრალებისა და ხილული დაზიანებების არსებობა. 
  • დაუშვებელია საჭის სისტემის დეტალებსა და კვანძებში დამამზადებლის მიერ გაუთვალისწინებელი შედუღებების გამოყენება.
  • საჭით მართვის სისტემაში ჯამურ ფოლხვას ამოწმებენ უძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე ორგანოლეპტიკურად მექანიკური გადაადგილებით, ხოლო თუ არსებობს ზღვრული მნიშვნელობის დადგენის საჭიროება, მაშინ საჭის მართვის ჯამური ფოლხვის განსაზღვრის ხელსაწყოს გამოყენებით, რომლითაც აფიქსირებენ საჭის თვლის მობრუნების კუთხეს და მართვადი თვლების მობრუნების დასაწყისს. ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტში მოცემულ ზღვრულ მოცულობას.

ხილვადობა

  • დასაშვებია საქარე მინის ზედა ნაწილში გამჭვირვალე/ფერადი აფსკის დამაგრება სიგანით არაუმეტეს 140 მმ.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაკომპლექტებული უნდა იყოს უკანა ხედვის სარკეებით, აგრეთვე მინებით და მზისგან დამცავი საშუალებებით.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იყოს საქარე მინის მინასაწმენდებითა და მინამრეცხებით.
  • მინასაწმენდის ჯაგრისის სველ მინაზე გადაადგილების სიხშირე მაქსიმალური სვლის რეჟიმში უნდა იყოს არანაკლებ 35 ორმაგი სვლისა წუთში.
  • დაუშვებელია საქარე მინის მოქმედების არეში და სარკეებზე ბზარებისა და ლაქების არსებობა. 
  • დაუშვებელია იმ ავტომობილის მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული. 

ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება 

  • დაუშვებელია დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა.
  • დაუშვებელია დისკებზე ბზარების არსებობა.
  • დაუშვებელია საბურავის მკვეთარას შეცვლა სახშობით, საცობით ან სხვა მსგავსი სამარჯვით.
  • დაუშვებელია ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორების მქონე საბურავების დაყენება.
  • საბურავებში ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა (თუ ავტომობილს ასეთი სისტემა აქვს) უნდა მუშაობდეს გამართულად.
  • დაუშვებელია ღერძებზე ბზარებისა და დეფორმაციების არსებობა, მათი არასწორი დამაგრება და არასწორი რემონტი.

ყველა ტექნიკური მოთხოვნა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კომენტარები