ჰაიდელბერგცემენტი

ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა ჰაიდელბერგცემენტის წილი შეიძინა

amidas-securitec.com

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, ჰაიდელბერგცემენტის 50%-იანი წილი შეიძინა. თანაინვესტირების ფონდმა აღნიშნული წილები კომპანია Hunnewell Partners-თან ერთად დაფუძნებული სპეციალური კომპანიის Georgian business to Cement Invest-ის მეშვეობით შეიძინა. Hunnewell Partners-ი საქართველოში ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მმართველი კომპანიაა.

ჰაიდელბერგმა წილების გასხვისების შესახებ განცხადება 11 ნოემბერს გაავრცელა. გარიგების ღირებულება 115 მილიონი ევროა. 

ჰაიდელბერგისა და თანაინვესტირების ფონდის პარტნიორობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თანაინვესტირების ფონდი ჰაიდელბერგის ქარხნების მოდერნიზაციას დააფინანსებდა.

ჰაიდელბერგცემენტის შესახებ

ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში 2006 წელს შემოვიდა. დღეისთვის კომპანია სამ ინტერგრირებულ ცემენტის ქარხანას ფლობს (კასპსა და რუსთავში), ასევე ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ჰაიდელბერგი ასევე ფლობს ბეტონის მწარმოებელ 12 ქარხანას და ბათუმსა და თბილისში არსებულ ინერტული მასალების ქარხნებს. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მილიონ ტონას აჭარბებს. 

თანაინვესტირების ფონდის შესახებ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ფონდის გაცხადებული კაპიტალი $6 მილიარდს შეადგენს, დღეისთვის კი მისი საინვესტიციო პორთფელის მოცულობა $2.1 მილიარდია. ფონდის პროექტებს შორისაა: პანორამა თბილისი, სასტუმრო შეკვეთილი, სასტუმრო თაბორის მთაზე (ბოტანიკურ ბაღთან), სასტუმრო განმუხური, კომპლექსი მაგნოლია, მტკვარი ჰესი, ონის ჰესების კასკადი, ინვესტიცია ბითფიურიში და სხვა. 

Hunnewell Partners-ის შესახებ

Hunnewell Partners, სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად, პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე რამდენიმე კვირის წინ ლიბერთი ბანკის მფლობელიც გახდა.

კომენტარები