ჰაიდელბერგცემენტი

თანაინვესტირების ფონდის დახმარებით, ჰაიდელბერგცემენტი ქარხნებს გადააიარაღებს

amidas-securitec.com

2018 წლიდან ჰაიდელბერგცემენტი პროდუქციას ენერგიის 50%-იანი დანაზოგით დაამზადებს, - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა განაცხადა. ენერგიის დაზოგვას და წარმოების გადაიარაღებას ჰაიდელბერგი თანაინვესტირების ფონდთან და Hunnewell Partners-თან გაფორმებული ხელშეკრულებით გეგმავს. 

$120-მილიონიანი თანადაფინანსების ხელშეკრულებით, თანაინვესტირების ფონდი და Hunnewell Partners ჰაიდელბერგცემენტს ბეტონის ქარხნების გადაიარაღებაში დაეხმარებიან. პროექტის ფარგლებში $100 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება კასპის ქარხანაში, ახალი მშრალი მეთოდით წარმოების ხაზის დანერგვაში. $20 მილიონის ინვესტიცია კი ჰაიდელბერგმა ბეტონისა და ინერტული მასალების ქარხნების ქსელის გაფართოებისთვის უნდა გამოიყენოს. ჰაიდელბერგცემენტის დირექტორი მიხაელ ჰამპელი ამბობს, რომ საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების, გზებისა და ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო ცემენტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

"ვგრძნობთ, რომ ცემენტის მოხმარების ბუმი ჯერ კიდევ წინაა, ქვეყანაში შენდება ჰიდროელექტროსადგურები და პორტები, რომელთა განხორციელებაც საკმაოდ ბევრ ფოლადსა და ცემენტს მოითხოვს. ამასთან ერთად, აშენდება ჩქაროსნული გზატკეცილის მთიანი ნაწილი, რომლისთვისაც ათობით ხიდისა და გვირაბის გაყვანა იქნება საჭირო. ეს კი ნიშნავს, რომ ბაზარი მზარდია. 

დანახარჯების დანაზოგი გვექნება პრაქტიკულად უზარმაზარი, გადაიარაღების შედეგად ჩვენ დავზოგავთ ენერგიაზე დანახარჯის პრაქტიკულად 50%-ს. დღეისთვის ჩვენ გვაქვს ექვსი კილნი (დანადგარი, რომელიც ცემენტს ამზადებს), რომელთა მეშვეობითაც ჩვენ კლინკერინს (ცემენტის მასალა) ვაწარმოებთ. გადაიარაღების შედეგად დავამონტაჟებთ ახალ კილნს, რომელიც უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და, ამავდროულად, აწარმოებს უკვე არსებული ექვსი კილნის ტოლფას კლინკერინს, ეს წინ გადადგმული მართლაც უზარმაზარი ნაბიჯი იქნება", - ამბობს მიხაელ ჰამპელი.

ჰაიდელბერგცემენტის შესახებ

ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში 2006 წელს შემოვიდა. დღეისთვის კომპანია სამ ინტერგრირებულ ცემენტის ქარხანას ფლობს (კასპსა და რუსთავში), ასევე ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ჰაიდელბერგი ასევე ფლობს ბეტონის მწარმოებელ 12 ქარხანას და ბათუმსა და თბილისში არსებულ ინერტული მასალების ქარხნებს. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მილიონ ტონას აჭარბებს. 

თანაინვესტირების ფონდის შესახებ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ფონდის გაცხადებული კაპიტალი $6 მილიარდს შეადგენს, დღეისთვის კი მისი საინვესტიციო პორთფელის მოცულობა $2.1 მილიარდია. ფონდის პროექტებს შორისაა: პანორამა თბილისი, სასტუმრო შეკვეთილი, სასტუმრო თაბორის მთაზე (ბოტანიკურ ბაღთან), სასტუმრო განმუხური, კომპლექსი მაგნოლია, მტკვარი ჰესი, ონის ჰესების კასკადი, ინვესტიცია ბითფიურიში და სხვა. 

Hunnewell Partners-ის შესახებ

Hunnewell Partners, სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად, პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. უახლოეს მომავალში კომპანია ლიბერთი ბანკის მფლობელიც გახდება. 

კომენტარები