მარინ ლე პენი

Twitter-ზე ISIS-ის ძალადობრივი ფოტოების გამოქვეყნებისთვის, ლე პენს იმუნიტეტი ჩამოართვეს

საფრანგეთის ნაციონალურმა კრებამ გუშინ, 8 ნოემბერს უკიდურესად მემარჯვენე პარტიის ნაციონალური ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი 2 წლის წინ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ISIS-ის ძალადობის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების გამო მოუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს. 

გადაწყვეტილება მრავალპარტიულმა კომიტეტმა მიიღო, რომელიც პარლამენტის შიდა ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა მისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა ითხოვეს.

ნაციონალური ფრონტის ლიდერმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონთან დამარცხდა, 2015 წელს Twitter-ზე ISIS-ის ძალადობის ამსახველი 3 ფოტო გამოაქვეყნა. ერთერთ ფოტოზე ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი იყო გამოსახული, რომელსაც ექსტრემისტებმა თავი მოკვეთეს. 

"ესაა დაეში!" - დაწერა ლე პენმა პოსტში და ISIS-ის არაბული აკრონიმი გამოიყენა. 

მას შემდეგ, რაც მის ქცევას სოციალური მედიის მომხმარებლებისგან და ფოლის ოჯახისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა, ლე პენმა ჟურნალისტის ფოტო წაშალა და თქვა, რომ არ იცოდა, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ის იყო. 

საფრანგეთის სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, მაგრამ მას ვერაფერს მიუსჯიდნენ, რადგან საპარლამენტო იმუნიტეტი იცავდა. იმ პერიოდში ლე პენი ევროპარლამენტის წევრი იყო. 

მაშინდელმა ასამბლეამ კენჭი უყარა და მას იმუნიტეტი ჩამოართვეს, თუმცა 3 თვის შემდეგ, მან ისევ დაიბრუნა საპარლამენტო იმუნიტეტი, რადგან საფრანგეთის პარლამენტში აირჩიეს. 

კომიტეტის გადაწყვეტილებას ლე პენი Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა:

"სჯობს სირიიდან საფრანგეთში შემოსული ჯიჰადისტი იყო, ვიდრე პარლამენტის წევრი, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს აკრიტიკებს: ერთს უფრო ნაკლები იურიდიული რისკები აქვს".

კომენტარები