საფრანგეთის სასამართლო ორშაბათს, 31 მარტს, მიიღებს გადაწყვეტილებას ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული ერთობის ლიდერის, მარინ ლე პენის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო, მათ შორის, გადაწყვეტს, დაუყოვნებლივ აეკრძალოს თუ არა ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება და არჩევნებში მონაწილეობა 5 წლის განმავლობაში.
თუკი სასამართლო ლე პენს დამნაშავედ ცნობს და პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, ფრანგი პოლიტიკოსი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ვეღარ იყრის. ის ასევე ვერ შეძლებს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებით სასჯელის მოქმედება საბოლოო ვერდიქტამდე შეაჩეროს, რადგან ის საჩივრის მიუხედავად ძალაში დარჩება.
ცნობისთვის, გუშინ, 28 მარტს, საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა საქმის შემთხვევაში, რომელიც მუნიციპალური საბჭოს წევრს ეხებოდა, დაადგინა, რომ მსჯავრდებული პოლიტიკოსისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების დაუყოვნებლივ შეზღუდვა კანონიერია.
ლე პენი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პროკურატურას მისი "პოლიტიკური სიკვდილი" სურს.
პარიზის პროკურატურა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერისთვის, მარინ ლე პენისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების დაუყოვნებლივ აკრძალვასა და პატიმრობას ითხოვს.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბრალს დაუმტკიცებს ფრანგ პოლიტიკოსს, ის კენჭს ვეღარ იყრის 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ლე პენს ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა და არამიზნობრივად გამოყენებაში ედება ბრალი, როგორც გამოცემა Politico წერს, დანაშაულებრივ სქემაში ლე პენის პარტიასთან დაკავშირებული ფრანგი დეპუტატები, კანონმდებლები, ევროპარლამენტარები და მათ მიერ აყვანილი თანაშემწეები 2004-2016 წლებში მონაწილეობდნენ.





