პენსიები

ქუმსიშვილი: 2019 და 2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

"20 ლარით 2019 წელს და 20 ლარით 2020 წელს გაიზრდება პენსიები",- პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შესაბამისად, 2019 წელს ქვეყნის 720 ათასი ასაკით პენსიონერი 200 ლარიან პენსიას მიიღებს.

ფინანსთა მინისტრმა წარადგინა საბაზო პენსიის ინფლაციასთან ინდექსაციის რეფორმა, რომლის მიხედვითაც მომავალში პენსიები მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება. 

2018 წლის ბიუჯეტით კი პენსიების ზრდა არცერთი თეთრით არაა დაგეგმილი, სანაცვლოდ კი პარლამენტში შევიდა საპენსიო რეფორმის კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის დანერგვას ითვალისწინებს (გაიგეთ მეტი).

პენსიების ზრდა და საარჩევნო ციკლები:

პენსიების ზრდის დინამიკა ხშირად საარჩევნო წლებს ემთხვევა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაუქმდა სტაჟისა და დამსახურების საპენსიო დანამატი, რომლის შედეგადაც ყველა პენსიონერის პენსია 150 ლარამდე გაიზარდა და 150 ლარი საბაზო პენსია გახდა.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პენსიები პირველად 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა, და მან 160 ლარს მიაღწია, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი 180 ლარამდე გაიზარდა.

2016 წლის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 720 000 ასაკით პენსიონერი (500 000 ქალი, 220 000 მამაკაცი), მათი რაოდენობა ყოველწლიურად 2-3%-ით იზრდება. 2018 წელს საპენსიო უზრუნველყოფაზე ბიუჯეტიდან 1.7 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს.

კომენტარები