პენსიები

როგორ აპირებს ენმ 2024 წლისთვის პენსიის 400 ლარამდე გაზრდას

ტაბულა

"ვისაც ამაში ეჭვი ეპარება ხელისუფლებიდან ჯოხით უნდა გარეკო", - განუცხადა ტაბულას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ფრაქციის თავჯდომარემ რომან გოცირიძემ. 

პარტიის პროგრამით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველივე წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობა პენსიას 300 ლარამდე გაზრდის, ხოლო შემდგომ წლებში პენსია 30 ლარით გაიზრდება 2024 წელს კი 400 ლარი გახდება. პარტია შშმ პირთა პენსიის 400 ლარამდე ზრდის დაპირებასაც იძლევა.

დღეს საქართველოში 732 ათასი ასაკით პენსიონერი და 125 ათასი შშმ პირის კომპენსაციის მიმღები ცხოვრობს. მათ საპენსიო უზრუნველყოფაზე 2018 წლის ბიუჯეტით 1.7 მილიარდი ლარი იხარჯება. თუ ყველა ტიპის პენსიონერის პენსია 400 ლარი გახდა ამას ყოველწლიურად 4 მილიარდი ლარი დასჭირდება. ეს კი დღევანდელ საპენსიო ფონდს 2.3 მილიარდი ლარით აღემატება. დღეისთვის საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი 12.4 მილიარდი ლარია, აქედან 28% ანუ 3.5 მილიარდი ლარი ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯება. თუ ამას 2.3 მილიარდიც დაემატა ჯანდაცვის წილი მთლიან ბიუჯეტში 40%-ს გადააჭარბებს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პენსიის მიმღებთა რაოდენობა ყოვეწლიურად 1-2%-ით იზრდება. ხოლო მათი ზრდის ტემპი 4-5 წელში კიდევ უფრო დაჩქარდება, რადგანაც ამ დროისთვის მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფის 55-59 წლის პირები საპენსიო ასაკის მიღწევას დაიწყებენ. საუბარია დაახლოებით 300 ათას პირზე, რომლებიც რამდენიმე წელში პენსიონერთა რიგებს შეუერთდებიან.

ტაბულა ამ დაპირების რეალუსტურობის შესახებ რომან გოცირიძეს ესაუბრა, რომელმაც პროექტის დაფინანსების დეტალებზე საუბარს თავი აარიდა და თქვა რომ დაფინანსება ეკონომიკური ზრდის, კორუფციის შემცირების, ბიუჯეტიდან უსარგებლო პროგრამების ამოღებით მოხდება. პროგრამის ფინანსირების კონკრეტულ წყარეობს გოცირიძე ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ფული ინფრასტრუქტურასაც მოაკლდება.

"დღეს სომხეთში პენსია არის 230 ლარის ექვივალენტი, ამდენს (220 ლარს) ჩვენი ხელისუფლება ჰპირდება 2021 წელს, ანუ სამი წლის შემდეგ იმდენი პენსია გვექნება რამდენიც სომხეთს დღეს აქვს. მომხატება მოხდება საფეხურებრივად. 2020 წელს ამ ხელისუფლების დაპირებით პენსია იქნება 220 ლარი. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს დავუმატებთ ამას 80 ლარს და პენსიას 300 ლარს გავხდი. შემდეგომი სამი წელი ზრდა იქნება საშუალოდ 30 ლარის ფარგლებში და 2024 წელს ის გახდება 400 ლარი.

რაღაცას უნდა მოვაკლოთ, 1.2 მილიარდი ლარი რომ იხარჯება ინფრასტრუქტურაზე, 1 მილიარდი რომ დავხარჯოთ რა მოუვა ქვეყანას დაინგრევა? მარტო აქედან შეიძლება ერთი მილიარდის დაზოგვა რამდენიმე წელიწადში, თანაც ისე რომ ნაკლები ფულით იგივე საქმე გაკეთდეს. ეს ნამატი "ატკატებია" როდესაც ტენდერები არაკონკურენტულ გარემოში ტარდება და მმართველ პარტიასთან შეზრდილი კომპანიები იგებენ ფულს. საუბარია 6 წლის შემდეგ 400 ლარიან პენსიაზე და თუ ვინმეს ხელისუფლებიდან ამაში ეჭვი ეპარება ჯოხით უნდა გარეკო და თუ ოპოზიციაშუ ხელისუფლებას არ უნდა გააკარო", - ამბობს გოცირიძე.

2017 წელს დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც 2019 და 2020 წლებში პენსია 20-20 ლარით გაიზრდება და საბოლოოდ 220 ლარს მიაღწევს.

პენსიების ზრდა და საარჩევნო ციკლები:

პენსიების ზრდის დინამიკა ხშირად საარჩევნო წლებს ემთხვევა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გაუქმდა სტაჟისა და დამსახურების საპენსიო დანამატი, რომლის შედეგადაც ყველა პენსიონერის პენსია 150 ლარამდე გაიზარდა და 150 ლარი საბაზო პენსია გახდა.

ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პენსიები პირველად 2015 წლის სექტემბერში გაიზარდა, და მან 160 ლარს მიაღწია, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი 180 ლარამდე გაიზარდა.

პენსიის შემდგომი ზრდაც საარჩევნო ციკლს დაემთხვევა.

კომენტარები