არჩევნები 2017

ომბუდსმენი: არჩევნებმა დიდწილად მშვიდად ჩაიარა, გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის განცხადებით, მონიტორინგმა ცხადყო, რომ არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა. თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები.

"დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არ დარეგისტრირების შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, კენჭისყრის პროცესის საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში მოთავსების გარეშე დაწყების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, სადემონსტრაციო ოქმების არასწორად შევსების, რეგისტრატორების მიერ ბიულეტენებზე წინასწარ ხელის მოწერის, მართვის მოწმობით ხმის მიცემის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები. გამოკვეთილი ხარვეზების ნაწილი დაკავშირებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არასათანადო მომზადებასთან" - აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, ომბუდსმენი არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩევლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია პერსონალური მონაცემები არ არის.

"აღნიშნული მონაცემები პერსონალურია იმისდა მიუხედავად, თუ რა რეჟიმია დადგენილი მათი ხელმისაწვდომობისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შეგროვება ხორციელდებოდეს კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად: სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლოა არღვევდეს საქართველოში არჩევნების ძირითად პრინციპსაც – ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე კონტროლის აკრძალვას. მისასალმებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გამოხმაურება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინსტიტუტის ფარგლებში შემოწმდეს მსგავსი ქმედებების კანონიერება" - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

კომენტარები