არჩევნები 2017

იმამკულიევი: მარნეულში მმართველი გუნდის მხარდამჭერები ამომრჩეველს ფულს ურიგებენ

ტაბულა

ევროპული საქართველოს მარნეულის მერობის კანდიდატი, აჰმედ იმამკულიევი მარნეულის 55 საარჩევნო უბანზე დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, უბნის მიმდებარედ მანქანიდან ქართული ოცნების მხარდამჭერები ამომრჩევლებს ფულს ურიგებენ. იმამკულიევის თქმით, ამ საქმეში მონაწილე ადამიანი მარნეულის სასამართლოს მანდატურია.   

"ჩვენ დაგვირეკეს დამკვირვებლებმა და გვითხრეს, რომ გარეთ იდგა მანქანა, სადაც არიგებდნენ ფულს. სადღაც 20-30 ადამიანი ჯერ იმ მანქანასთან მიდიოდა და შემდეგ შედიოდა უბანზე, რომ გამოდიოდა, ისევ იმ ადამიანს ეუბნებოდა რაღაცას. კამერები და ჟურნალისტები რომ დაინახა, გაიქცა აქედან. ეს ადამიანი მუშაობს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში მანდატურის თანამდებობაზე. ჩვენ ვიცით, რომ ის არის სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერი ადამიანი და უეჭველად ის აქ არიგებდა ფულს. გარეთ იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერი ადამიანები და ჩვენს მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ", - თქვა იმამკულიევმა

მარნეულის 55-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უბანზე სიმშვიდეა, ის მანქანა კი, რომელზეც იმამკულიევი საუბრობს, უბრალოდ ამომრჩეველს ელოდებოდა. მისივე თქმით, უბანზე საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, ამასთან ის, თუ რა ხდება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მისი პასუხისმგებლობა არ არის. 

კომენტარები