არჩევნები 2017

კალაძე: ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე

Kakha Kaladze/Fb.com

ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან". კახა კალაძის თქმით, ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე და ქალაქი სიყვარულით უნდა იყოს სავსე.

"მე არჩევანი გავაკეთე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ურბანულად იყოს გამართული და არ ხდებოდეს ქაოტური განაშენიანება. ქალაქში უნდა იგძნობოდეს სიცოცხლე. ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას ერთად აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ", - განაცხადა კალაძემ.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები