ე.წ. ციანიდის საქმე

დეკანოზ მამალაძის ოჯახს თავს დაესხნენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს დღეს გამთენიისას თავს დაესხნენ.

დეკანოზის ძმის, მალხაზ მამალაძის ინფორმაციით, მის სახლში უცნობი პირი შევიდა და თანხა მოითხოვა. მისივე თქმით, თავდამსხმელი არ იყო ადგილობრივი და მან იცოდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახში იმყოფებოდა.

"გამთენიის 6-ის ნახევარი იქნებოდა, მე მძინარე მდგომარეობაში ვიყავი. ჩემთვის უცნობმა პირმა კარზე დააკაკუნა, გავაღე. პირდაპირ მკითხა - გიორგი მამალაძის ძმა ხარ? კი-თქო. შემდეგ ხელზე ხელი მომკიდა და მომთხოვა თანხა, მე ხელი ვკარი და სახლიდან გავიქეცი. თანხის რაოდენობა არ უთქვამს", - აცხადებს მალხაზ მამალაძე.

დეკანოზის ძმები ამბობენ, რომ ეს მათი ოჯახის დაშინების მორიგი მცდელობაა.

"იცოდა იმ პიროვნებამ, რომ ჩემი ძმა მარტო იყო და შეაშინა, მამა გიორგის სახელი გამოიყენა. ეს არის პირდაპირ მიმართული ოჯახზე, რადგან მათ უნდათ გავჩუმდეთ და შევეგუოთ იმ უსამართლო განაჩენს, რომელიც მოსამართლე ბუგიანიშვილმა გამოიტანა. მინდა ყველას მოვახსენო, რომ ჩვენ არც მუქარებით და არაფრის დიდებით არ გავჩერდებით, მივიყვანთ საქმეს ბოლომდე და დავამტკიცებთ მამა გიორგის უდანაშაულობას", - ამბობს თორნიკე მამალაძე.

მომხდარის შესახებ დეკანოზ მამალძის ოჯახმა პოლიციას აცნობა.

5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვევთა შეუფარდა.

კომენტარები