ეროვნული ბანკი

1 იანვრიდან, ე.წ ოქროსფერი 50-თეთრიანით ვეღარ გადაიხდით

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, ძველ, ე.წ ოქროსფერ 50-თეთრიანს გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება. 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტაზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", უკანა მხარეს - ბორჯღალი, ციფრები და წარწერები - "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".


ფოტო: ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50-თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა.

"2006 წლის გამოშვების ვერცხლისფერი მონეტა შედგება სპილენძ-ნიკელისაგან და მისი დიამეტრი 24 მმ-ი, ხოლო წონა 6,5 გ-ია ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველო“ და გამოშვების წელი "2006", ხოლო რევერსზე - ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "50" და წარწერა "თეთრი".

გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა "საქართველო Georgia" და ხუთქიმიანი ვარსკვლავი" - აცხადებს ეროვნული ბანკი.

კომენტარები