არჩევნები 2017

ფერაძე ელისაშვილზე: არ მომეწონა, რომ ხოშტარიას მხარი არ დაუჭირა, ის იმსახურებდა

ტაბულა

პარტიზანი მებაღე თავის თანამებრძოლ და ახლა უკვე თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს დღევანდელი საქციელის გამო აკრიტიკებს. 

Facebook-ზე გაშვებულ Live-ში ნატა ფერაძე ელისაშვილს უცენზუროდ მოიხსენიებს. ტაბულასთან საუბრისას, ნატა ფერაძემ განმარტა, რომ მისი ამ სიტყვების მიზეზი ყოფილი თანამებრძოლის დამოკიდებულება იყო მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას მიმართ. 

ფერაძის თქმით, მისთვის მიუღებელი იყო, როცა ალეკო ელისაშვილმა ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატს მხარი არ დაუჭირა და შეახსენა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრია, მისი ქმარი კი m2-ის თანამშრომელი. 
 
"არ მომეწონა დღეს მისი საქციელი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო ის საკითხი, რომელიც დღეს განიხილებოდა და ელენე ხოშტარია, რომელიც იბრძოდა ამისთვის, ის ნამდვილად იმსახურებდა მხარდაჭერას, ყოველგვარი ამბიციების და ფობიების გვერდზე გადადებას. ადამიანები უნდა დავრჩეთ პირველ რიგში და პოლიტიკამ არ უნდა შეგვიტყუოს ისე, რომ არიქა, ყოფილი ნაცი, იმის ცოლი, ამის ცოლი, არ დავეხმარები, ეს არის ჩემთვის სრულიად დაუშვებელი,"- ამბობს ფერაძე. 

მისივე თქმით, ის ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერი იყო და არა მისი გუნდის წევრი, თუმცა "ალბათ, დღევანდელი შემთხვევის შემდეგ აღარ იქნება".

მისივე თქმით, ის სამოქალაქო აქტივისტია და მიუღებელია პარტიული ფობიები, მით უმეტეს, როცა ქალს სცემენ. 

"მე მგონი, მარტივი იყო ძალიან დღევანდელი ფორმულა, კეთდებოდა ის, რაც ქალაქს "გვახევს" და ამას იცავდა ადამიანი, რომელსაც სცემდა პოლიცია და ქალი იყო ის. გავანებოთ გენდერს თავი, ადამიანს სცემდა პოლიცია და ამ დროს გვერდში არ უდგები. ეს არის ჩემთვის დაუშვებელი, მე ვარ სამოქალაქო აქტივისტი, არასოდეს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და ეს პარტიული ფობიები ღუპავს ყველაფერს,"- ამბობს ფერაძე.

დღეს საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიდიოდა, რომელიც ოპოზიციის და აქტივისტების პროტესტმა გამოიწვია - ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებდნენ. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს.

კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორირეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

კომენტარები