სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი

პროკურატურა: ორი პირის მიმართ უკანონო განაჩენი გადაიხედება, ერთს ქონება დაუბრუნდება

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლებული მამუკა ქარდავას განაჩენის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. ქარდავას განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო.

"2005 წლის 27 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაბა ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორი მამუკა ქარდავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გასამართლებულ იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისთვის, რისთვისაც მას განესაზღვრა 4 წელი პირობითი მსჯავრი და გათავისუფლდა პოლიციის რიგებიდან.   

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ერთადერთი მტკიცებულება - თავად მამუკა ქარდავას აღიარებითი ჩვენება, რომელიც მან იძულების და ზეწოლის შედეგად მისცა, რა დროსაც მას იძულებით დააწერინეს თითქოს მან მის ნათესავს, დაბა ჯვარიდან საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიამდე გადააყვანინა დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ავტომანქანა, მაშინ როდესაც ჩატარებული ახალი გამოძიებით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულმა არაფერი იცოდა ავტომანქანის დანაშაულებრივად დაუფლების თაობაზე და მისი ქმედება არ შეიცავდა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნებს.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით სრულად დადასტურდა მსჯავრდებულ მამუკა ქარდავას უდანაშაულობა, რის გამოც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით", - აცხადებენ პროკურატურაში.

გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა მოქალაქე ბაკურ იზორიას მიმართაც, რომელსაც 2010 წლის 20 დეკემბერს სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაუსწრებლად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"2009 წლის 28 აპრილს, ბაკურ იზორია და მისი მეგობრები, ჩხოროწყუს გზაზე გასწრების მიზნით ავტომანქანებით სწრაფად გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანამ დაკარგა კოორდინაცია, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს, რასაც მძღოლის გარდაცვალება მოჰყვა. საქმეზე იმჟამად ჩატარებული არასრულყოფილი და ცალმხრივი გამოძიების შედეგად ბაკურ იზორია მიჩნეულ იქნა ბრალეულ პირად, რასაც მისი მსჯავრდება მოჰყვა.

ახალი გამოძიების პირობებში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც სრულიად გამოირიცხა ბაკურ იზორიას ბრალეულობა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში. აქედან გამომდინარე პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით", - აცხადებენ პროკურატურაში.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, მიიღეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილებაც. საქმე ეხება მურმან მუმლაძეს, რომელმაც, პროკურატურის განცხადებით, 2010 წელს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა საცხოვრებელი ბინა.

"გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის აგვისტოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა მოქალაქე მურმან მუმლაძის მიმართ, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა დაპატიმრება. მურმან მუმლაძეს და მის ადვოკატს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ პირად საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დათმობას სთხოვდნენ. ბრალდებულზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მურმან მუმლაძემ გარდა საპროცესო შეთანხმებით დაკისრებული ჯარიმის - 290 000 ლარის გადახდისა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, ევდოშვილისა და სოხუმის ქუჩების გადაკვეთაზე, საერთო ფართით 120 კვ.მ.", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ მოქალაქეს თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინა  დაუბრუნდება, ხოლო ორი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები გადაიხედება.

"რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა იმსჯელებს მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე.", - აცხადებენ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოში 45 მსჯავრდებულის მიმართ გაიგზავნა შუამდგომლობა, საიდანაც 11 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულად ცნობილ 139 მოქალაქეს დაუბრუნდა 39 მილიონამდე ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 72 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, სასტუმრო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

კომენტარები