მიხეილ სააკაშვილი

ენმ ხელისუფლებას: შეწყვიტეთ სააკაშვილზე პოლიტიკური დევნა და აღუდგინეთ მოქალაქეობა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და აღუდგინონ საქართველოს მოქალაქეობა, რათა მან შეძლოს საქართველოში დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი - ან მოიქცნენ, როგორც იქცეოდა უკრაინაში იანუკოვიჩი, საქართველოში ასლან აბაშიძე, რომელსაც პირადი პატიმრები ჰყავდა, ან მოიქცნენ ისე, როგორც იქნება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და უშუალოდ მათ პირად ინტერესებში. მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, დევნა, რომელიც დაკვეთილია პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილოების მიღების საშუალება. გუშინ დაიმსხვრა ივანიშვილ-პოროშენკოს შეთანხმება, ჩავარდა მათი გეგმა, რომელიც მათ ქართველი და უკრაინელი ხალხის ზურგს უკან დასახეს... გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი. ეს ტალღა იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში“ - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა.

გუშინ ღამით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. 

მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდაჭერების მხრიდან უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

კომენტარები