მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: არ გამორიცხავენ, ევროპარლამენტმა ჩემს საკითხზე რეზოლუცია მოამზადოს

bloomberg.com

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ევროპარლამენტარებმა მის საკითხზე სპეციალური რეზოლუცია მოამზადონ. რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში ჩართვისას, წამყვანმა სააკაშვილს ჰკითხა - უკრაინაში შესვლისას, იქნებიან თუ არა მასთან ერთად ევროპარლამენტარები.

"არ ვიცი, არ გამოვრიცხავ [ევროპარლამენტარებიც იყვნენ ჩემთან ერთად, უკრაინაში შესვლისას]. მე ევროპარლამენტში ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა იმ გაგებით, რომ მრავალმა ევროპარლამენტარმა გამოაქვეყნა განცხადება, პირდაპირი მიმართვა, რამდენიმემ დაურეკა პოროშენკოს. პლენარულ სესიაზე, რომელიც იხსნება სტრასბურგში 11 სექტემბერს, რამდენიმე ევროპარლამენტარი არის ჩაწერილი განცხადებით ჩემს საკითხზე, არ გამორიცხავენ ევროპარლამენტის სპეციალური რეზოლუციის მომზადებას, ასე რომ თუ საზღვარზეც ვინმე მოვა, ესეც არ არის გამორიცხული,"- ამბობს სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოერთვა. 28 ივლისს, ლიტველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის ბინადრობის უფლების, მოგვიანებით კი, ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. იმის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა პოლონელმა ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ გამოუცხადა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდასაჭერად, ევროპარლამენტარების მხრიდან საჯაროდ ეს ორი განცხადება გაკეთდა.

კომენტარები