აუდიტის სამსახური

ქალდანის უწყებამ ლაშა თორდიას საქმეზე კლუბი სამართალდამრღვევად ცნო

TV Imedi

ლაშა თორდიას საქმეზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „პამ კლუბი“ სამართალდამრღვევად ცნო. საქმე 2017 წლის 23 მაისს ფეისბუქზე და შემდეგ სხვა საიტებით გავრცელებულ ვიდეო მასალას ეხება, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე პამ კლუბშია გადაღებული. ვიდეოში ანონიმური გამავრცელებლის მტკიცებით, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ბარის თანამშრომელს იარაღით ემუქრება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კლუბის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა. 

ორგანიზაციის ცნობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ ვიდეოჩანაწერები მესამე პირს გადასცა მხოლოდ ერთხელ - 2016 წლის 27 დეკემბერს. ვიდეოჩანაწერები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „პერონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველის კანონის დარღვევით.  შესაბამისად, შპს „პ.ა.მ“-ი ცნობილ იქნა ამავე კანონის 43-ე, მონაცემთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე დამუშავების მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. სამართალდარღვევა გაფრთხილებას ან 500 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული ვიდეო შემდგომში კერძო პირის ხელში მოხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რადგან ვიდეო „პ.ა.მ.“-მის მიერ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო გადაცემული. ამავდროულად, გამოძიება კანონდარღვევით მოპოვებულ ვიდეოს ვერ გამოიყენებდა მტკიცებულებად და სავარაუდოდ, დაიგეგმა ვიდეო მტკიცებულების გავრცელება სოციალურ ქსელში, რათა ამის შემდგომ დართვოდა საქმეს მტკიცებულების სახით", - აღნიშნავს ორგანიზაცია. 

ვიდეოს გავრცელებამდე ათი დღით ადრე, 12 მაისს ლაშა თორდიასა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თორდია, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. 23 მაისს გავრცელებულ ვიდეომასალას ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა მისი პიროვნების დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა. 

კომენტარები