არჩევნები 2017

pmmg: დმანისის გამგებელი ადმინისტრაციულ რესურსს არამიზნობრივად იყენებს

"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის მხრიდან ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა.

"კერძოდ, მოქმედი გამგებელი იბარებს ააიპ-ების ხელმძღვანელებს და ითხოვს ააიპ-ების თანამშრომლებისგან (მათ შორის არიან ბაღების გაერთიანებების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები) მივიდნენ შტაბში და მოაწერონ ხელი მხარდამჭერთა სიაში. ასევე, მრავალეროვანი საქართველოს გრძელვადიანმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რწმუნებულებისგან, აგვისტოს თვის დასაწყისიდან, ითხოვენ იმ პირების მონაცემების შეგროვებას ვინც მათ უჭერს მხარს. სწორედ ასეთი დავალების შეუსრულებლობის გამო გათავისუფლებულია ორი სოფლის რწმუნებული. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მოწმეები თუ დაზარალებული მხარეები თავს არიდებენ საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებისაგან მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორების განხორციელების საფრთხის გამო", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

"მრავალეროვანი საქართველოს" ინფორმაციით, მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც, რაც, ორგანიზაციის აზრით, გარკვეულ ეჭვს აჩენს, რომ მსგავსი ქმედებები ტენდენციურ ხასიათს იძენს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაცია მიმართავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება.

გარდა ამისა, "მრავალეროვანი საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან.

საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში ახორციელებს.

კომენტარები