ჩრდილოეთ კორეა - იაპონია

ჩრდილო კორეულმა რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა

Japan Ministry of Defence

დილით, იაპონიის დროით 6 საათზე, ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულმა რაკეტამ იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილს, კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვაში ჩავარდა.

იაპონიის პრემიერმინისტრმა შინზო აბემ ჩრდილოეთ კორეის ამ ქმედებას იაპონიისათვის უპრეცედენტო საფრთხე უწოდა. მოსალოდნელია, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭომ საპასუხოდ საგანგებო სხდომა გამართოს.

ჩრდილო კორეულ რაკეტებს ადრეც გადაუფრენია იაპონიის საჰაერო სივრცეში, თუმცა, მაშინ თავად ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, ამ რაკეტებს სატელიტები გადაჰქონდა. ამ შემთხვევაში კი, საქმე გვაქვს ბალისტიკურ იარაღთან.

იაპონიას რაკეტის ჩამოგდება არ უცდია. მათ ჰოკაიდოს მოსახლეობას მოუწოდეს, თავი თავშესაფრებისათვის შეეფარებინათ.

აღსანიშნავია, რომ იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა ახლახანს დაასრულეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჰოკაიდოში და ცოტა ხანში სამხრეთ კორეაში ათასობით ამერიკელი და სამხრეთ კორეელი სამხედრო დაიწყებს ყოველწლიურ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.

ჩრდილოეთ კორეა ამ წვრთნებს პროვოკაციულად აფასებს და მათ თავდასხმისთვის მზადებად მიიჩნევს.

პრემიერმა შინზო აბემ პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათ ისაუბრეს ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაზრდაზე. პრემიერის განცხადებით, ტრამპმა მას უთხრა, რომ ამერიკა 100%-ით მხარში უდგას იაპონიას. ამავდროულად პენტაგონმა განაცხადა, რომ ეს რაკეტა უშუალოდ ამერიკის შეეთებული შტატებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და რომ ისინი მუშაობენ მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესაგროვებლად.

კომენტარები