ნონა გაფრინდაშვილი

ქართველი დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე ქალი ევროპის ჩემპიონი გახდა. ნონა გაფრინდაშვილმა ბარსელონაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 65+ წლის ასაკის ქალთა შორის 9 შესაძლოდან 5,5 ქულა მოაგროვა.

ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეორე და მესამე ადგილებზე რუსი მოჭადრაკე ქალები ელენა ფატალიბეკოვა და ირინა კაბანოვა გავიდნენ. 

იმავე ასაკის ვაჟთა შორის ტურნირზე თამაზ გიორგაძემ ვერცხლის მედალი 7 ქულით აიღო. ის ნახევარი ქულით შვედ ნილს-გუსტაფ რემანს ჩამორჩა.

არაერთი ოქროსა და ვერცხლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია. ის 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია. 1980-86 წლებში ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, 1989-1996 წწ-ში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი იყო, 1996 წლიდან კი მისი საპატიო პრეზიდენტი. 2000-2002 წწ-ში იკავებდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს. 

ნონა გაფრინდაშვილი იყო პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დაწესდა, რომელიც ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო  ჯამური შედეგისთვის გადაეცემათ. 2001 წელს მისი სახელი თბილისის ჭადრაკის სასახლეს მიენიჭა.

კომენტარები