მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

ენმ: დაუყოვნებლივ შეწყდეს სააკაშვილის დევნა საქართველოში

bloomberg.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, "დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციის დევნა საქართველოში". სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, "სააკაშვილის და დემოკრატიული ოპოზიციის ბედი ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურის". ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ ენმ ბოლომდე იბრძოლებს ქვეყანაში ივანიშვილის პუტინისადმი ოჯახურ-კლანური რეჟიმის დასასრულებლად.

"სახეზეა გარიგება ორ ოლიგარქს შორის, რომელიც თანხვედრაშია პუტინის მიზნებთან. აშკარაა, რომ ერთადერთი მიზანი და მიიზეზი, რომელიც ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას, იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა. ასევე აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად ასრულებს პუტინის პოლიტიკურ დავალებებს ან მინიმუმ სრულ სინქრონშია მის პოლიტიკურ მიზნებთან.

ამ გარიგებით, ორ ოლიგარქს სურ პოლიტიკურ ბრძოლას ჩამოაშოროს ის ადამიანი, რომელიც არის რეგიონში ანტიპუტინურიფრონტის მთავარი ფიგურა და პოსტსაბჭოთა სივრცეში განხორციელებული დემოკრატიული ანტიკორუფციული რეფორმების ერთადერთი წარმატებული სიმბოლო" - განაცხადა ბიბილაშვილმა და აღნიშნა, რომ სამართლიანი და დემოკრატიული ვერ დაერქმევა იმ საარჩევნო გარემოს, "როდესაც პროდასავლური ოპოზიციის ლიდერი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის ქვეყნიდან პოლიტიკური მიზნებით დევნილი და ვერ ბრუნდება ქვეყანაში".

"უადგილოა არჩევნების ტექნიკურ მხარეზე საუბარი, როცა მეხუთე წელია, ქვეყანაში ორგანიზებულად იდევნება პროდასავლური ოპოზიცია.

სააკაშვილის წინააღმდეგ არც ერთ საქმეზე ამ ეტაპზე განაჩენი არ დამდგარა. ნებისმიერი კეთილსინდისიერი დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ ოთხივე საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, სახელმწიფოებრივად სამარცხვინო და ამხელს ივანიშვილის რეჟიმის რეალურ მიზანს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხის მიზნებთან და მისწრაფებებთან" - თქვა ბიბილაშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ ჩამოართვეს.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

მაისში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკოს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და ამისთვის იურიდიულ საბაბს ეძებდა.

"დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოიპოვონ ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას",- თქვა სააკაშვილმა. 

 

კომენტარები