ტარიელ ხეჩიკაშვილი

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან სახელმწიფომ 493 ავტომობილი იყიდა

სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო

ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპროტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პორტფელი 2015 წლის 1 მაისს დაიკავა. მას ქონებრივ დეკლარაციაში 20-ზე მეტი კომპანია აქვს მითითებული, რომლებშიც წილებს დღემდე ფლობს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ.

ტაბულამ 2015 წლის მაისიდან დღემდე ხეჩიკაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული კომპანიების სატენდერო საქმიანობა გადაამოწმა, საიდანაც ირკვევა, რომ მინისტრის კომპანიებისგან სხვადასხვა უწყებებმა 493 ავტომობილი შეისყიდეს. ამ ტენდერების საერთო ღირებულება 22.9 მილიონი ლარია. სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ ხეჩიკაშვილის შემდეგი კომპანიები: იბერია ავტო ცენტრი, იბერია ავტო, კია მოტორს ჯორჯია და კავკასუს მოტორსი.

ყველაზე მსხვილი ტენდერები კი შემდეგია:

  1. 176 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი იბერია ავტო ცენტრი, ტენდერის ღირებულება 8.6 მილიონი ლარი. 2017 წელი.
  2. 172 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი იბერია ავტო ცენტრი, ტენდერის ღირებულება 8 მილიონი ლარი. 2016 წელი.
  3. 86 ავტომობილი - შსს მომსახურების სააგენტო, მიმწოდებელი იბერია ავტო ცენტრი, ტენდერის ღირებულება 3 მილიონი ლარი. 2017 წელი.

ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებიდან 2017 და 2016 წლებში 10 ავტომობილი შეიძინა პროკურატურამ (700 ათასი ლარი), 2017 და 2015 წლებში 8 ავტომობილი შეიძინა ფინანსთა სამინისტრომ (6 ავტომობილი კავკასუს მოტორსისგან 340 ათასი ლარი, 2 ავტომობილი კია მოტორსისგან 119 ათასი ლარი). 2015 წელს 7 ავტომობილი შეიძინა დაზვერვის სამსახურმა (287 ათასი ლარი), 2015 წელს თბილსერვისჯგუფმა შეიძინა 6 ავტომობილი (153 ათასი ლარი). 

ტენდერების უმეტესობაში (19 ტენდერი) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 1 ავტომობილი შეიძინეს. 3 ტენდერში შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 2-2 ავტომობილი შეიძინეს, 3 ტენდერში კი შემსყიდველმა ორგანიზაციებმა 3-3 ავტომობილი შეიძინეს. 

ხეჩიკაშვილის კომპანიები ავტოსერვისის მიწოდების ტენდერებშიც იღებენ მონაწილეობას. კომპანიებმა "იბერია ტექ ავტომოტივმა" და "იბერია ავტომ" ჯამში 100 ათასის ღირებულების 4 ტენდერი მოიგეს. 

კომენტარები