სასამართლო სისტემა

ახვლედიანი: სასტუმროს მფლობელი, რომელმაც თავი მოიკლა, ჩემზე ზეწოლის მიზნით დააკავეს

რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მტკიცებით, სასტუმრო "არმაზის" მფლობელს ზაზა ართმელაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მასზე ზეწოლის მიზნით შეუფარდეს. ახვლედიანი რუსთავი 2-ის გადაცემა PS-ში ამბობს, რომ ართმელაძე მისი მეგობარი და ახლობელი იყო. ცნობისთვის, იმ სასტუმროს მეპატრონემ, სადაც სამი არასრულწლოვანი დაიწვა, თავი რამდენიმე დღის წინ მოიკლა.

მამუკა ახვლედიანის თქმით, ართმელაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც გაიგეს, რომ მისი ახლობელი იყო.

"ოჯახის წევრებს პირდაპირ უთხრეს - გააჩერეთ ახლვედიანი, პირდაპირ მიანიშნებდნენ, რომ ჩემზე ზეგავლენა მოეხდინათ. რისთვის დააკავეს ეს ადამიანი, ამიხსნას პროკურატურამ? იმ ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ შუაში იყო ეს ადამიანი ხუთი თვით დაკავებული, არავითარი მიზეზი და მიზანი არ ჰქონდა მის დაკავებას გარდა იმისა, რომ სხვა ადამიანებზე მოეხდინათ ზეწოლა" - ამბობს ახვლედიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მეგობრის დაკავებით მასზე ზეწოლის მცდელობას ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს უკავშირებს. მისი თქმით, "ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი". რუსთავი 2-ის ცნობით, მამუკა ახვლედიანი აღნიშნავს, რომ "მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის დავალება" ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა შეასრულა.

ცნობისთვის, 2015 წლის 10 მაისს, სასტუმრო არმაზში გაჩენილ ხანძარს სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დაკავებული იყო სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ართმელაძე.სასამართლომ ის 2016 წელს 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან 2016 წლის 22 თებერვალს გადააყენეს. იქამდე კი, 3 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის ახვლედიანის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო. ის ეთიკის ნორმების დარღვევასა და სასამართლოს ავტორიტეტის შებღალვაში დაადანაშაულეს. 

მამუკა ახვლედიანის გადაყენებამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს რამდენიმე თვის განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ახვლედიანის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. გარდა ამისა, სწორედ ახვლედიანმა გაავრცელა ინფორმაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ტესტების სავარაუდო გაჟონვის შესახებ.

კომენტარები