ბავშვთა უფლებები

უფლებადამცველებმა გადაცემა "ბავშვების დროს" წინააღმდეგ პროკურატურას მიმართეს

Facebook/ ბავშვების დრო

ბავშვთა უფლებადამცველებმა ინტერნეტგადაცემის, "ბავშვების დრო", წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართეს. გადაცემაში წინასწარ იყო დაანონსებული, რომ გამოქვეყნდებოდა კადრები, რომელშიც ბავშვი გენიტალიების სტიმულაციითაა დაკავებული. ბავშვთა უფლებადამცველებმა და იურისტებმა ანონსის დადების შემდეგ მიმართეს გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს და მოუწოდეს, არ გამოექვეყნებინა ვიდეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვეოდა ბავშვის უფლებები. 

გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს მოწოდებით ასევე მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, თუმცა გადაცემა მაინც დაიდო. გადაცემის წამყვანის თქმით, ვიდეო, რომელშიც ბავშვი გენიტალიების სტიმულაციითაა დაკავებული, მას ბავშვის მშობელმა მიაწოდა. ვიდეოში ბავშვის სახე დაბლარულია.  

უფლებადამცველი ანა აბაშიძის თქმით, გარდა პროკურატურისა, მათ ბავშვის დედის წინააღმდეგ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართეს. 

"მშობელმა რომ გადაიღო ეს ვიდეოკადრები და გადასცა ჟურნალისტს, ეს უკვე დარღვევაა. ანუ მშობლის მხრიდან მესამე პირზე გავრცელდა აკრძალული ინფორმაცია. მშობელთან მიმართებაში უკვე ამ ნაწილში არის ძალიან სერიოზული დარღვევა. რაც შეეხება ჟურნალისტს, საკამათოა ის, ამგვარი ინფორმაცია რომ მიიღო და მისი დამუშავება გადაწყვიტა, არის თუ არა მისი მხრიდან კანონიერი მოქმედება. ჩემი მოსაზრებით, ჟურნალისტს იმთავითვე უნდა სცოდნოდა, რომ ამ მასალის გამოქვეყნება აპრიორი არის ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის საწინააღმდეგო. ჟურნალისტს დამოუკიდებლად აქვს ვალდებულებები, რომ შეამოწმოს წყარო, შეამოწმოს კონტენტი. ამიტომ, ამ ნაწილში მას პასუხისმგებლობას ვერ მოვაშორებ. მეორე საკითხია ის, რომ ჩემი მოსაზრებით, მე ვფიქრობ, რომ ეს შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, კონკრეტულად პირადი ცხოვრების გასაჯაროვებას," - ამბობს ანა აბაშიძე ტაბულასთან საუბრისას. 

აბაშიძის თქმით, ეს არის ბავშვის უფლების უხეში დარღვევა და როდესაც ეს ბავშვი აღმოაჩენს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი გასაჯაროვდა, მნიშვნელობა არ აქვს, სახე დაფარული იქნება თუ არა. 

"ტაბულა" დაუკავშირდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და უახლეს ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 
 

კომენტარები