აქციზის გადასახადი

მთავრობა აქციზის გამოთვლის წესს ცვლის, რიგ შემთხვევაში ლუდზე აქციზი გაძვირდება

flickr.com

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 25 აპრილს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ლუდის აქციზის გამოთვლის წესი და ის მიბმული იქნება ლუდში ალკოჰოლის შემცველობასთან.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ლიტრ ლუდზე აქციზის გადასახადი 60 თეთრია. მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებით კი აქციზი ალკოჰოლის დონეზე იქნება მიბმული. ალკოჰოლის ყოველი პროცენტი 12 თეთრით დაიბეგრება. 

ქართულ ბაზარზე არსებული ლუდის ძირითადი ნაწილის (სტანდარტული ლუდი) ალკოჰოლის დონე 5%-ია, შესაბამისად მათთვის აქციზის დონე არის ხუთჯერ თორმეტი, ანუ სამოცი თეთრი, ეს ნიშნავს, რომ ამ ლუდზე აქციზი უცვლელია. თუმცა, უფრო ალკოჰოლური ლუდების შემთხვევაში აქციზის გადასახადი გაიზრდება. მაგალითად 8%-იანი ალკოჰოლის შემცველი ლუდისთვის აქციზის გადასახადი 96 თეთრი იქნება, რაც სავარაუდოდ ამ ლუდის ღირებულებას გააძვირებს. 

ბაზარზე 5%-ზე ნაკლები ალკოჰოლის შემცველობის ლუდებიც გვხდება, თუმცა მათში ალკოჰოლის შემცველობა 4%-ზე ნაკლები არაა. ამ ლუდებისთვის აქციზის გადასახადი 12 თეთრით შემცირდება. აღნიშნული შემცირება დაბალალკოჰოლური ლუდების გაყიდვებზე სავარაუდოდ დადებითად აისახება. 

მთავრობამ ლუდის აქციზი 2015 წლის 1 მარტს 50%-ით გაზარდა. ამ გადაწყვეტილებამ მალევე ლუდის გაყიდვების 10-15%-იანი შემცირება გამოიწვია. 2016 წელს ფინანსთა სამინისტრომ და ლუდის მწარმოებლებმა აქციზის გამოთვლის ახალ წესზე დაიწყეს მოლაპარაკებები. 

2016 წელს ნატახტარის კორპორატიულ საქმეთა ხელმძღვანელი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობდა, რომ მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით ყოველ პროცენტ ალკოჰოლზე 10 თეთრიანი აქციზის გადასახადი დაწესდებოდა. რის მიხედვითაც სტანდარტულ ლუდზე აქციზის გადასახდი 50 თეთრი გახდებოდა, თუმცა მთავრობამ 10 თეთრის ნაცვლად ალკოჰოლის შემცველობაზე 12 თეთრიანი გადასახადის დაწესება გადაწყვიტა.

კომენტარები