საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

პრემიერი: ვიმყოფებით გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე, ქვეყნის 20 % ოკუპირებულია

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი შეაფასა.

"ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩემი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, საქართველო გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში. მან გაუძლო ბევრ დარტყმას. ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ იამაყებს",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს, ევროკავშირისა და NATO-ს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებაზე ისაუბრა.

"მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემი ხედვაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და NATO-ს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით",-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთბების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით 20-21 აპრილს იმართება.

კომენტარები