პოლიციის ძალადობა

ადვოკატი: ბრალდებულს დაკავებისას პოლიციელებმა ე.წ. ბიო ჩაუდეს და სასტიკად სცემეს

Nino Pakeliani/Fb.com

შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს „ბიოს“ ჩადებასა და ცემაში ადანაშაულებს. ბრალდებულის მტკიცებითვე, ის პოლიციელებმა ისანი-სამგორის რაიონის განყოფილებაში უცხო პირების თანდასწრებით გააშიშვლეს და ბუქნები გააკეთებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრალდებულის ცემას და შეურაცხყოფას უარყოფენ.

შოთა პაკელიანი 23 მარტს სსკ-ის 260-ე მუხლის 3-ე ნაწილის დარღვევისთვის დააკავეს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდეს.

ბრალდებულის ადვოკატის ზურა თოდუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაცემია. თოდუა ლიბერალთან საუბარში ამბობს, რომ ცემის ფაქტი ისან-სამგორის პოლიციის განყოფილებაში მისულმა პირებმა კამერით გადაიღეს. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელები ამბობენ, რომ ბრალდებული მათ დანახვაზე გაიქცა, წაიქცა, ჯიბეში ხელი ჩაიყო და ე.წ. ბიო გადაყლაპა. 

"სამი შეკვრა ჰქონდა და ერთი დარჩა ჯიბეშიო. პოლიციის განყოფილებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 3-ჯერ გამოიძახეს. როცა კომაში ჩავარდა, მესამემ რეანიმაციულ განყოფილებში წაიყვანა, სადაც სამი დღე იყო. ამბობს, რომ პოლიციელებმა 15-20-ჯერ დაარტყეს. ექსპერტიზის ჩატარება ვითხოვეთ, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას", - ამბობს ადვოკატი ლიბერალთან საუბარში.

შოთა პაკელიანს „ბიოს“ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამწლიანი პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული. მას აქედან ერთი წელი მოხდილი აქვს.

კომენტარები