საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმის აქციაში მონაწილე ცხრა პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

აჭარის მთავრობის პრესსამსახური

ბათუმის აქციაში მონაწილე ცხრა პირს - შოთა გორგაძეს, რევაზ ქერქაძეს, მურმან კონცელიძეს, მანუჩარ ფარტენაძეს, ზაზა გოგიტიძეს, აკაკი კვაჭაძეს, რამაზ დუმბაძეს, გიორგი გუბელაძეს და მერაბ მურვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. პროცესი 8 მაისს გაიმართება.

ბრალდებულების ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის მუხლებით ბათუმში გამართული აქციის 15 მონაწილე დააკავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ყველა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი გაათავისუფლეს 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

მანამდე, შსს-მ 40 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. ბოლო დღეების მანძილზე ბათუმის სასამართლოში ათობით საქმე განიხილებოდა, ზოგიერთი მათგანი გამართლდა, ზოგს კი 250-250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ციალა ქათამიძის ინფორმაციით, ბათუმის 11-12 მარტის აქციის გამო, შესაძლოა, პროკურატურამ ბრალი კიდევ რამდენიმე პირს წარუდგინოს. 

11-12 მარტს, ბათუმში აქცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით დაიშალნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

კომენტარები