საპროტესტო აქცია ბათუმში

ბათუმში გამართული აქციის კიდევ რვა მონაწილე დააკავეს

აჭარის მთავრობის პრესსამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში გამართული აქციის კიდევ რვა მონაწილე დააკავა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სისხლის სამართლის მუხლებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექვსი პირი 16 მარტსაც დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ერთი დაკავებული არასრულწლოვანი კი, 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მანამდე, შსს-მ 40 პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით. ბოლო დღეების მანძილზე ბათუმის სასამართლოში ათობით საქმე განიხილებოდა, ზოგიერთი მათგანი გამართლდა, ზოგს კი 250-250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

11-12 მარტს, ბათუმში აქცია დაახლოებით 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეები თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ორი პირის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციამ დაკავების დროს ძალა გამოიყენა. შემდეგ, მათ პოლიციის განყოფილების ახალი უფროსის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით კი, პოლიციის შენობასთან მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მისამართით ქვები ისროლეს, დააზიანეს პოლიციისა და მოქალაქეების ავტომანქანები. ამის შემდეგ პოლიციამ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვა. აქციის მონაწილეები დროებით დაიშალნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა.

კომენტარები