აქცია ბათუმში

ევროპული საქართველო აქციაზე: პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამით ქულებს არ უნდა იწერდეს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ ბათუმში მიმდინარე პროცესებს, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია პოლიტიკური ქულების ჩასაწერად არ უნდა იყენებდეს. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. 

"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოს მიაჩნია რომ ამ გაურკვეველ და მძიმე ვითარებაში პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. სწორედ ამიტომ ევროპულ საქართველოს არც ერთ ეტაპზე სოლიდარობა არ გამოუცხადებია ძალადობრივი პროტესტისთვის. ყველამ უნდა გაიგოს, რომ ძალადობრივი სცენარები არ არის სახელმწიფოს  ეროვნულ ინტერესში და მხოლოდ აძლიერებს უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და ჩრდილს აყენებს მისი შეცვლის ერთადერთ უალტერნატივო გზას - დემოკრატიულ არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი აქტივობით ქართული ოცნების დამარცხებას.“ - წერია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს გუშინ აქცია მოჰყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების  გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქცია "ბათუმი პლაზასთან" ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა. პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც. აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. პოლიციამ გაზი მას შემდეგ გაუშვა, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა. 12 საათიანი არეულობის შემდეგ ბათუმში სიტუაცია გამთენიისას დასტაბილურდა.

კომენტარები