აქცია ბათუმში

ქართული ოცნება: როგორც არ უნდა ეცადონ ენმ-ის ლიდერები, არეულობას ვერ დააბრუნებენ

"როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და ნაციონალური მოძრაობის რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება" - პარტია ქართული ოცნება გუშინ ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ პარტია გმობს გუშინ ბათუმში მომხდარ "ვანდალურ ქმედებებს". პარტია ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ მთავრობა არსებულ ვითარებას მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგა და ვითარების გამწვავება თავიდან აიცილა.

"ვგმობთ 11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას. მთავრობა არსებულ ვითარებას მიუდგა მაღალი პასუხისმგებლობით, თავიდან აიცილა ვითარების გამწვავება და გამოიყენა პროპორციული ზომა, რის შედეგადაც ბათუმში, პოლიციამ რამდენიმე საათში აღკვეთა ძალადობა და აღადგინა საზოგადოებრივი წესრიგი. მოძალადეთა ჯგუფი დაკავებულია. სამართალდამცავები აგრძელებენ მუშაობას და კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში. ასევე, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს. აჭარის მოსახლეობასთან და მთავრობასთან ერთად, ჩვენ დავიცავთ სიმშვიდეს და გავაგრძელებთ განვითარებას. ქალაქი მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და დაზარალებულები მიიღებენ სათანადო მხარდაჭერას ხელისუფლებისგან." - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი პირის დაკავების ფაქტს გუშინ აქცია მოჰყვა, სადაც მოქალაქეები დაკავებულების  გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქცია "ბათუმი პლაზასთან" ცოტა ხანში ხალხმრავალი გახდა. პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც. აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა. პოლიციამ გაზი მას შემდეგ გაუშვა, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს. აქციის მონაწილეები დროებით მიმოიფანტნენ, თუმცა ცოტა ხანში აქცია კვლავ განახლდა და გაგრძელდა. 12 საათიანი არეულობის შემდეგ ბათუმში სიტუაცია გამთენიისას დასტაბილურდა.

კომენტარები