რუსთავი 2-ის საქმე

აქიმიძე: არანაირი აღმასრულებლებით, ჯარით, ჩაფხუტებით R2-ში არ შევვარდებით

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე, რომელსაც შესაძლოა, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილი მისცეს, ამბობს, რომ ხალვაშს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არ შეხვედრია. ამის შესახებ ის ტელეკომპანია პირველთან საუბრობს.

აქიმიძის თქმით, შენობაში შესვლა ძალადობრივად არ მოხდება.

"არავითარ შემთხვევაში არანაირი აღმასრულებლებით, ჯარით, ჩაფხუტებით და ა.შ. არ შევვარდებით. ძალიან მარტივია - ადამიანების 40% მაინც იქ ის ხალხია, ვინც ჩვენთან ერთად აკეთებდა ტელევიზიას. მათ მოსწონდათ და სიამოვნებით მუშაობდნენ ამ ტელევიზიაში. შესაბამისად, ჩვენ ვიძლევით იმ გარანტიას, რომ გვინდა, დავიბრუნოთ ისეთივე რუსთავი 2, როგორიც იყო 2003 წლამდე. თუ მათ უნდათ თავისუფლება, მაშინ გააგრძელონ ტელევიზიის კეთება ისეთის, როგორსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით. არ გვინდა, ის იყოს ისეთი, როგორიც არის დღეს", - თქვა აქიმიძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ტელეკომპანიის მეორე დამფუძნებელი დავით დვალი გენერალური დირექტორი, რომელსაც ასევე შესაძლოა, ხალვაშმა წილი მისცეს, აქიმიძე პასუხობს:

"მე წარმომიდგენია, რომ ამ ტელევიზიაში მე პირადად სხვანაირად არ და ვერ შევალ და არანაირი უფლება მექნება იმიტომ, რომ დათო დვალზე კარგი მენეჯერი ამ ტელევიზიისთვის ვერ წამრომიდგენია", - ამბობს აქიმიძე.

ქიბარ ხალვაში ამბობდა, რომ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს ტელეკომპანიიდან გარკვეულ წილს მისცემდა. 

გუშინ, 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები