რუსთავი 2-ის საქმე

ნაცვლიშვილი: დღეს მოხდა დარტყმა დემოკრატიის ორ ყველაზე მნიშვნელოვან საძირკველზე

ანა ნაცვლიშვილი
თეორემა/ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით არის დარტყმა მედია პლურალიზმსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

"დღეს მოხდა დარტყმა დემოკრატიის ორ ყველაზე მნიშვნელოვან საძირკველსა და საფუძველზე. ეს არის მედია პლურალიზმი და სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ეს გაკეთდა სასამართლოს ხელით. ბუნებრივია, ყველგან არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებსაც იურისტები და საზოგადოება არ დაეთანხმება, არ მოიწონებს და ა.შ.მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობა გულისხმობს იმას, რომ მას უნდა ჰქონდეს საზოგადოების ნდობა მაშინაც კი, როცა საზოგადოებას გადაწყვეტილება არ მოსწონს. აქ გვაქვს პირიქით. როგორც იურისტი, დაველოდები გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს გასაბუთების ნაწილი. მაგრამ, როგორც მომქალაქეს და როგორც აქტივისტს, მაქვს მინიმალური რწმენა მთელი ამ პროცესის მიმართ, რომლის მოწმეებიც ჩვენ ვიყავით ამდენი თვის განმავლობაში. ამ პროცესს არ ჰქონდა მინიმალური ნდობაც კი საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილის მხრიდან. როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე მეორე ინსტანციაში, მოხდა არაერთი ძალიან საეჭვო გარემოება, რომლის პიკი იყო განჩინება, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა რა იყო ამ ყველაფრის მიზანი. შეცდომით, გაიპარა, რომ ეს მიზანი იყო სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება. შემდეგ მოსამართლემ ეს განჩინება უკან წაიღო, მიხვდა რა რამხელა შეცდომა დაუშვა. მაგრამ დღეს გაფორმდა ის და გახდა ყველასთვის ნათელი, რომ აქ მთავარია სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა რუსთავი 2-ის სტუდიაში.

მისივე თქმით, სასამრთლო პროცესის მიმდინარეობისას ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა.

"სასამართლო პროცესის შიგნით რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, ეს უდავოა, მაგრამ გარეთაც, დაწყებული მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებებით, გაგრძელებყლი ბევრი სხვა გარემოებით, არსებობდა უამრავი საეჭვო გარემოება, რომლებიც არ ტოვებდა სივრცეს იმის საფიქრალად ობიექტური დამკვირვებლისთვის, რომ ეს იყო ორ კერძო სუბიექტს შორს დავა, სადაც ხელისუფლება არ ერეოდა", - ამბობს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ცინიკურია, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო ვიზალიბერალიზაციის დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ.

"არ შემიძლია არ გავუსვა ხაზი იმ ცინიზმს, რითიც ეს გაკეთდა. დრო, როგორ დაემთხვა ეს ვიზალიბერალიზაციაზე ხელმოწერას. გუშინ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტს და დღეს უკვე გაფორმდა ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში თითქოს სამარლებრივი ფორმით ხდებოდა", - ამბობს ნაცვლიშვილი.

დღეს, 2 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები