რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: ჩვენ არ ვიბრძვით იმისთვის, რომ ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნოს ტელევიზია

რუსთავი ორის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ბრიფინგი გამართეს და ქიბარ ხალვაშთან 2015 წელს დადებულ სამპუნქტიან შეთანხმებაზე ისაუბრეს. მათი თქმით, "ტელევიზია უნდა დაიბრუნონ მისმა შემქმნელებმა". ამასთან, რუსთავი ორის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მათი სარჩელი პროკურატურას "თაროზე აქვს შემოდებული".

"რაღაც სიგნალები წამოვიდა ქიბარის მხრიდან ჩვენ მიმართ, რომ მზად არის კომპრომისსა და მოლაპარაკებაზე. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ თუ მშვიდობიანად შევთანხმდებით და მისაღები იქნება წინადადება, გადასარევია, არ გავაგრძელებთ დავას, მაგრამ თუ არ იქნება - ჩვენი ამოცანა არ არის, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნოს ტელევიზია, არავითარ შემთხვევაში, ტელევიზია უნდა დაიბრუნონ მისმა შემქმნელებმა", - თქვა დავით დვალმა და აღნიშნა, რომ შეთანხმება იყო ტელეკომპანიის 50%-სა და მართვის უფლებაზე.

"50/50-ზე პლუს მენეჯმენტი, ნიშნავს იმას, რომ მე თავისუფალი ვარ ქმედებებში, ანუ რაღაცა სასწაული რომ მოხდეს, ან ქიბარს ტვინი გადაუბრუნდეს, ან გაყიდა წილი, მე დაცული ვარ ყოველგვარი მომავალი ქარიშხლებისგან", - ამბობს დვალი.

რუსთავი ორის დამფუძნებელს აეჭვებს ის საკითხი, რატომ არ დაიწყო პროკურატურამ მათ სარჩელზე გამოძიება.

"ვთქვათ, მაშინ არ ჰქონდა პროკურატურას მზად, დღესაც გაჩერებულია საქმე და თაროზეა შემოდებული, როგორც ორი წლის წინ, ახლაც არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია იმის გარდა, რომ მაყურებელი და გულშემატკივარი ვიყოთ პროცესის, ერთ მხარეს ვუგულშემატკივროთ და ველოდოთ, მერე რა იქნება. დღეს ვართ ისევ ქიბარ ხალვაშის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. მინდა, ხვალ სასამართლომ გადადგას პირველი ისტორიული ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენისკენ... საქმეზე, რომელიც გაჩერებულია, პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არ მაინტერესებს, რატომ არის გაჩერებული, მე მოვითხოვ კატეგორიულად, პროკურატურამ უნდა გააცოცხლოს და თავისი სიტყვა თქვას, მე არ მინდა, ნაჩუქარი სტატუსით ვიყო, რომ ქიბარ ხალვაშმა მიწილადა და მე მადლობელი ვიყო", - განაცხადა დვალმა.

რუსთავი ორის დამფუძნებლებმა იმ სამ ფუნდამენტურ პრინციპზეც ისაუბრეს, რაზეც ქიბარ ხილვაშთან შეთანხმდნენ.

"სამართლიანობა აღდგება ერთადერთ შემთხვევაში, როდესაც ტელევიზია დაუბრუნდება დამფუძნებლებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს არის სამი პრინციპი, რომელზეც შევთანხმდით:

  • ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც ოპოზიციურს, ისე სახელისუფლებოს და საქმიანობას განაგრძობს ზოგადსაკაცობრიო და ჟურნალისტური ეთიკის საფუძვლებზე დაყრდნობით;
  • ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების განვითარებისას, იქნება ობიექტური და კრიტიკული პოზიციების გამომხატველი;
  • ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით ან რომელიმე პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებით და პოლიტიკური დაკვეთებით. იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება ტელევიზიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი", - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ. 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსთავი ორის საბოლოოდ მიკუთვნების შემთხვევაში, მის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს წილის 50%-ს დაუთმობს. მაშინ დავით დვალმა თქვა, რომ რუსთავი ორის მომავალთან დაკავშირებით, მისი და ჯარჯი აქიმიძის ხედვა ქიბარ ხალვაშისას მთლიანად ემთხვევა.

ხვალ, 2 მარტს, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. 

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" მიაკუთვნეს. უზენაესი სასამართლო ქვეყანაში ბოლო ინსტანციაა და მისი გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 11:00 საათზე უზენაესი სასამართლოს შენობასთან აქციას მართავს და საზოგადოებას მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ქართველ ხალხს წაართვას სიტყვის თავისუფლება და რუსთავი 2. საკოორდინაციო საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, აქციას პერმანენტული სახე ექნება და გაიმართება მანამ, სანამ უზენაესი სასამართლო არ მიიღებს რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას.

კომენტარები