აშშ

ტრამპის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა - საიმიგრაციო აკრძალვები კვლავ შეჩერებულია

reuters

აშშ-ს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, აღდგენილიყო საიმიგრაციო აკრძალვები, რომელთა მოქმედება ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა.

შესაბამისად, აკრძალვები კვლავ შეჩერებულია, მანამ, სანამ სასამართლო საქმეს მთლიანად განიხილავს.

ტრამპის 27 იანვრის განკარგულებები ფედერალურმა მოსამართლემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 თებერვალს შეაჩერა.

განკარგულებების მიხედვით, მომდევნო 90 დღის განმავლობაში შვიდი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებოდათ, ლტოლვითა პროგრამა 120 დღით, სირიელ ლტოლვითა მიღება კი გაურკვეველი ვადით ჩერდებოდა.

ვაშინგტონისა და მინესოტას შტატების საჩივარი, რომელთა საფუძველზე მოსამართლე ჯეიმს რობარტმა აკრძალვა შეაჩერა, განკარგულებების არაკონსტიტუციურობას ეხება: აშშ ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნება ადამიანებს, რომელთაც დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ. მომჩივანთა მტკიცებით, აკრძალვა ასევე ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, რადგან მისი სამიზნე მუსლიმები არიან.

მოსამართლის გადაწყვეტილება აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ 4 თებერბვალს, შაბათს გაასაჩივრა. იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ შტატებს არ აქვთ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულების ან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენების უფლება.

სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც აკრძალვების შეჩერება არ გააუქმა, თეთრ სახლს ორშაბათამდე მეტი არგუმენტის წარმოდგენა მოსთხოვა.

პარალელურად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრაზს Twitter-ზე გამოხატავს. მან ფედრალური მოსამართლის გადაწყვეტილებას „სასაცილო“ უწოდა და აკრძალვის აღდგენის პირობა დადო.

“ამ ე.წ. მოსამართლის აზრი, რომელიც არსებითად ჩვენს ქვეყანას ართმევს კანონის აღსრულების შესაძლებლობას, სასაცილოა და შეიცვლება!“ - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

მოგვიანებით ტრამპმა მოსამართლის გადაწყვეტილებას კიდევ ერთი ტვიტი მიუძღვნა:

„რას იღებს ჩვენი ქვეყანა, როდესაც მოსამართლეს შეუძლია შეაჩეროს ეროვნული უსაფრთხოების აკრძალვა და ყველას, ცუდი განზრახვების მქონეებსაც კი, შეუძლიათ აშშ-ში შემოსვლა?“- დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვებს 60 ათასი ვიზის შეჩერება, აეროპორტებში დაბნეულობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა.

კომენტარები